NATO-შვედეთი-ფინეთი

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებისთვის კანონები უნდა შეცვალონ – თურქეთი

Presidential Press Office/Handout via REUTERS

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში წევრობაზე თურქეთის მხარდაჭერის მოსაპოვებლად საკუთარი კანონები უნდა შეცვალონ. რაც კიდევ უფრო აძლიერებს ალიანსის ისტორიული გაფართოებაზე ვეტოს დადების საფრთხეს. 

"მათი თქმით, ისინი შორს არიან ტერორისტული რეგიონებისგან, შესაბამისად, კანონებიც ამის მიხედვით აქვთ შექმნილი. კარგი, მაშინ შეცვალეთ ისინი. [...] ისინი ამბობენ, რომ ტერორისტულ ორგანიზაციასაც აქვს ღონისძიების ორგანიზების უფლება, კარგი მაშინ შეცვალეთ კანონები", - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

თურქეთის პრეზიდენტის აპარატის სპიკერმა, ფაჰრეთინ ალტუნმა ფინურ გაზეთ Helsingin Sanomat-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფინეთი თურქეთის უსაფრთხოების საკითხებს სერიოზულად უნდა მოეკიდოს, თუ ქვეყანას NATO-ში გაწევრიანება სურს. 

18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები