თურქეთი-შვედეთი

სტოკჰოლმში ერდოღანის ძეგლი ფეხებით ჩამოკიდეს – თურქეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

Adem Altan/AFP/Getty Images

თურქეთის პროკურატურამ სტოკჰოლმში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

Twitter-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც სტოკჰოლმის მერიის წინ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძეგლი ჩანს, რომელიც ფეხებით არის ჩამოკიდებული. ვიდეო ე.წ შვედეთის სოლიდარობის ჯგუფის სახელით აიტვირთა, რომელმაც როჟავას დე ფაქტო ავტონომიურ რეგიონს გამოუცხადა მხარდაჭერა. 

შვედეთის პრემიერმინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, აღნიშნული ქმედება შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საბოტაჟს ემსახურება. შვედეთის პოლიცია იუწყება, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით წინასწარ ინფორმაციას არ ფლობდნენ. 

ინციდენტის შემდგომ თურქეთმა შვედეთის ელჩი გაიწვია. ანკარა შვედეთისგან მომხდარზე მეტად მკაფიო პოზიციას მოითხოვს და შემთხვევაში მონაწილე ჯგუფს ტერორისტებად მოიხსენიებს. 

გასულ წელს თურქეთის ხანგრძლივი წინააღმდეგობის მიუხედავად, შვედეთმა, ფინეთმა და თურქეთმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 

თურქეთმა ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების განხილვის დაწყების პროცედურა დაბლოკა მას შემდეგ, რაც 18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს , იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განცხადება გადასცეს.

"ჩვენ არ ვამბობთ, რომ ისინი ნატოს წევრები ვერ გახდებიან, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ მათ უნდა გაიზიარონ ის საფრთხეები, ის ტერორისტული საფრთხეები, რაც ჩვენ წინაშე დგას". - თქვა ერდოღანმა.

შვედეთის პრემიერმინისტრმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ არსებობს დიდი რისკი, აღნიშნულმა შემთხვევამ თურქეთის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს. 

კომენტარები