ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი: აჭარაში ლევან ვარშალომიძე თუ არ გიჭერს მხარს, აბა, ვინ უნდა დაგიჭიროს?!

"აჭარაში ლევან ვარშალომიძე თუ არ გიჭერს მხარს, აბა, ვინ უნდა დაგიჭიროს?!"- ასე ეხმიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, აჭარის პარტიის ორგანიზაციის ბრიფინგს, სადაც აღნიშნეს, რომ მხარს ნიკა მელიას უჭერენ, ხოლო ლევან ხაბეიშვილის უკან "კულისებში დგანან ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ლევან ვარშალომიძე". 

"სენსაცია ბათუმში: ენმ-ის წევრებმა გააკეთეს ჩემი "საწინააღმდეგო" განცხადება, რომ ლევან ვარშალომიძე დგას თურმე ჩემ უკან და "მეტიც", მხარს მიჭერს… "გაგიკვირდებათ" და ძალიანაც მოხარული და ამაყი ვარ ლევან ვარშალომიძით და მისი მხარდაჭერით ენმ-ის არჩევნებში, აჭარაში ლევან ვარშალომიძე თუ არ გიჭერს მხარს, აბა, ვინ უნდა დაგიჭიროს?! საბოლოოდ ირკვევა, რომ სრულიად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ცვლილებების მოლოდინშია".- წერს ხაბეიშვილი FACEBOOK-ზე. 

პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა

გიორგი მუმლაძის თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიზანი "უუნარო მელიას ჩამოცილებაა". მუმლაძე ამბობს, რომ მისი თავმჯდომარეობის შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები გაიხსნება".

ლევან ხაბეიშვილი აზრით, ენმ-ს "გადახალისება" სჭირდება, მის თავმჯდომარეს კი ლეგიტიმაცია. თავდაპირველი უარყოფის მიუხედავად, 16 ნოემბერს ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას ისიც აყენებს.

 

კომენტარები