რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი რუსეთის მიერ სოლედარის აღებაზე ინფორმაციას არ ადასტურებს

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, გენერალ პატრიკ რაიდერის ცნობით, პენტაგონი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქალაქ სოლედარის გაკონტროლების თაობაზე არ ადასტურებს. 

ბრიფინგზე გენერალმა თქვა:

"რაც შეეხება სოლედარს, ჩვენ სოლედარსა და ბახმუტში დაძაბულ ბრძოლას ვადევნებთ თვალ-ყურს. რუსეთის ჯარების მიერ სოლედარის აღების შესახებ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები აგრძელებენ სამხედრო ოპერაციებსა და ბრძოლას სოლედარის მიდამოებში. ორიენტირებულები ვართ, უკრაინასთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობა განვაგრძოთ, რათა უკრაინის უსაფრთხოებისთვის საჭირო დახმარება უზრუნველვყოთ".  


დღეს, 13 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთი სოლედარს აკონტროლებს. სამინისტროს განცხადებით, სოლედარის კონტროლი რუსეთის ჯარებს საშუალებას მისცემს, უკრაინული ძალები ახლომდებარე ქალაქ ბახმუტიდან განდევნონ. 

ამერიკის ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) რამდენიმე საათით ადრე აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, მთლიანად ან უმეტესად აკონტროლებდნენ სოლედარს, თუმცა, მათივე შეფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ რუსები ბახმუტის ალყაში მოქცევას შეძლებენ.  

იქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სოლედარში "ცხელი ღამე" იყო, თუმცა ქალაქს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდა. 

უკრაინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

კომენტარები