რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო ბახმუტის აღების შანსი მეტად შემცირდა – ISW რუსეთზე

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 11 იანვრის ანგარიშის შეფასებით, საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო რუსეთის მიერ ბახმუტის აღების შანსი მეტად შემცირდა.

 რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში მოქმედი საოკუპაციო ძალების მეთაურად რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და საკუთარი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი დანიშნა. ISW-ს შეფასებით, გერასიმოვის დანიშვნა  2023 წელს რუსეთის გადამწყვეტ სამხედრო ძალისხმევის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რაც, სავარაუდოდ, რუსული შეტევითი ოპერაციების განახლების გზით განხორციელდება. 

ISW წერს, რომ რუსული თავდაცვის სამრეწველო ბაზის უუნარობა, მოაგვაროს საბრძოლო მასალის დეფიციტი, სავარაუდოდ, შეაფერხებს რუსეთის ძალების უნარს, 2023 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევა გააგრძელოს. 

რუსულ წყაროებზე გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ISW აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალებს სოლედარი არ აუღიათ. ამასთან ერთად, ამერიკელი ექსპერტების აზრით, სოლედარის აღება ნაკლებად სავარაუდოა.

"რუსეთის შეტევამ ბახმუტის დასაკავებლად, სავარაუდოდ, კულმინაციას მიაღწია ოპერატიული შესაძლებლობების გაუარესების გამო. რუსეთის თავდაცვის სამრეწველო ბაზის წარუმატებლობა საბრძოლო მასალის დეფიციტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, შეაფერხებს რუსეთის ძალების უნარს, მხარი დაუჭიროს შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთ უკრაინაში 2023 წელს." - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები