საქართველო-უკრაინა

მაჭარაშვილი კასიანოვზე: აშშ-ს ელჩმა ახლა მაინც უარყოს ან დაადასტუროს ომში ჩართვის ინტერესი

ივანიშვილის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა "მკაფიო ბრალდება გაახმოვანა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ჩვენი ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით". მაჭარაშვილის საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს სთხოვს, უარყოს ან დაადასტუროს კასიანოვის განცხადება.

"თვეების განმავლობაში ვთხოვდით ამერიკის საელჩოს და ელჩს, საქართველოს ომში ჩართვის ინტერესს მკაფიოდ გამიჯვნოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა. უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კასიანოვმა, უკვე ძალიან კონკრეტული და მკაფიო ბრალდება გაახმოვანა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ჩვენი ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით.

ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც გამოვიდეს და უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება, რითიც უზრუნველყოფილი იქნება როგორც ქართული, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება. თუ ქალბატონი კელი დეგნანი კვლავ არ გამოეხმაურება ჩვენ თხოვნას, საზოგადოება ჩათვლის, რომ დუმილი ამ შემთხვევაშიც თანხმობის ნიშანია". – თქვა მაჭარაშვილმა.

ივანიშვილის დეპუტატის მტკიცებით, ბუკის სისტემების გადაცემის შესახებ კასიანოვის სიტყვები არა სამხედრო დახმარების მოთხოვნას, არამედ საქართველოს სამხედრო კონფლიქტის მხარედ წარმოჩენას ემსახურება.

"კასიანოვის განცხადებაში მთავარია, რომ საქართველოსგან ისინი ითხოვენ არა იმდენად სამხედრო დახმარებას, არამედ იმას, რომ საქართველო დაფიქსირდეს მხარედ სამხედრო კონფლიქტში. ყველა კარგად ვხედავთ, რომ საქართველოდან ძველი ჯაველინების გაგზავნა ბევრს ვერაფერს შემატებს უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით. აქ მთავარი მიზანი იყო და არის, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველო მხარედ დაფიქსირდეს ან ცოცხალი ძალის გაგზავნით, ან სამხედრო ტექნიკის გაგზავნით და ასე შემდეგ". – თქვა მაჭარაშვილმა.

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ბუკის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემების დაბრუნება სთხოვა, რომელიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. კასიანოვი წერს, რომ უკრაინის თხოვნა ასევე მოიცავდა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემულ ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების გადაცემასაც. დიპლომატი წერს, რომ ეს უკანასკნელი შეთანხმებული იყო არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ არსებობდა წინადადებაც კი, რომ ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინათ.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2007 წელს საქართველომ უკრაინისგან ბუკის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები "მრავალმილიონიანი შესყიდვით" მიიღო. მათივე თქმით, 2017 წელს თავდაცვის უწყებამ "ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა" აშშ-სგან ჯაველინის ანტისატანკო სისტემების შესყიდვის მიზნით. თავდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, "რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია".

კომენტარები