პროტესტი ირანში

ოთხთვიანი პროტესტის შემდეგ აიათოლა ალი ხამენეიმ პოლიციის ახალი უფროსი დანიშნა

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პოლიციის ახალ უფროსად აჰმაზრეზა რადანი დანიშნა

აჰმაზრეზა რადანი 2008 წლიდან 2014 წლამდე პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. მან 2009 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომიტინგეების დარბევასა  და "მორალის პოლიციის" შექმნაში მიიღო მონაწილეობა. აჰმაზრეზა რადანი სამართალდამცავი ძალების სტრატეგიული კვლევების ცენტრსაც ხელმძღვანელობდა.

ირანის პოლიციის ახალ უფროსს აშშ-მ და ევროკავშირმა "ადამიანის უფლებების დარღვევის გამო" სანქციები დაუწესეს.

ხამენეიმ რადანის დანიშვნის შესახებ განცხადებაში „მადლიერება და კმაყოფილება“ გამოხატა. 

საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობით დაიწყო, რომელიც “მორალის პოლიციამ” მკაცრი წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა. პირველი საპროტესტო აქცია ამინის დაკრძალვის შემდეგ ქალაქ საყეზში გაიმართა, სადაც ქალებმა სოლიდარობის ნიშნად თავსაბურავები მოიხსნეს. საპროტესტო აქციაზე გამოსული ქალები თავიანთ ჰიჯაბებს იხსნიდნენ და ანადგურებდნენ, თმას საჯაროდ იჭრიდნენ და "თავისუფლების ცეკვას" ასრულებდნენ.  

მას შემდეგ აქციების მასშტაბიც შეიცვალა და მომიტინგეების მოთხოვნაც. თუ დასაწყისში მოქალაქეები მეტ თავისუფლებას ითხოვდნენ, დღეს მომიტინგეების მთავარი სურვილი ხელისუფლების დამხობაა.

კომენტარები