აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის არჩევნები

მე-15 კენჭისყრით აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკკართი გახდა

REUTERS/Evelyn Hockstein

მეთხუთმეტე კენჭისყრით აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარედ კევინ მაკკართი აირჩიეს.

მაკკართის კანდიდატურას 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი  212 იყო. კანდიდატმა პალატის წევრთა ხმების ნახევარი ვერ მიიღო, თუმცა მისი არჩევა შესაძლებელი გახდა, რადგან მისივე პარტიის 6-მა წარმომადგენელმა ხმის მიცემაზე უარი თქვა (მაკკართის მხარი არ დაუჭირა, მაგრამ არც მოწინააღმდეგეს მისცა ხმა) და ამით კენჭისყრას გამოეთიშა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის კენჭისყრის 14 ეტაპი გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე დასრულდა. ბოლო 100 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა წარმომადგენელთა პალატას სპიკერის ასარჩევად ერთზე მეტი კენჭისყრა დასჭირდა.

მაკკართი ექსსპიკერი, დემოკრატი ნენსი პელოსის მოვალეობას გადაიბარებს.

წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა ნენსი პელოსიმ 2022 წლის 17 ნოემბერს დატოვა. ამ თანამდებობას პელოსი 2003 წლიდან იკავებდა. 2006 წელს იგი აშშ-ს პირველი ქალი სპიკერი გახდა.


წარმომადგენელთა პალატის სპიკერის არჩევნები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში, არაფორმალური კენჭისყრის გზით, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტია სპიკერის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურას ირჩევენ. 

ნოემბრის დახურულ შეხვედრაზე რესპუბლიკელების ხმათა უმრავლესობა მაკკართიმ მოიპოვა. რამდენიმე კვირის შემდეგ, დემოკრატებმა ერთხმად აირჩიეს დეპუტატი ჰაკიმ ჯეფრისი. წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, პარტიის  წევრები არ არიან ვალდებულნი ხმა მისცენ პარტიის არჩეულ კანდიდატს. ტრადიციულად, სპიკერის კანდიდატურის პრეტენდენტი წარმომადგენელთა პალატის წევრია, თუმცა ეს აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულო კრიტერიუმს არ წარმოადგენს. იმისათვის, რომ კანდიდატი სპიკერი გახდეს, მას კენჭისყრაში მონაწილე პალატის წევრების ხმათა უმრავლესობა სჭირდება. 

რესპუბლიკურ პარტიაში მაკკართის კანდიდატურის წინააღმდეგი ტრამპის მხარდამჭერები არიან, რომელთაც მეტსახელად “არასოდეს კევინები” (Never Kevins) შეარქვეს. ისინი მაკკართის, რომელიც პალატის წევრი, ჯერ კიდევ 2009 წლიდან არის, ე.წ. “მეინსტრიმის” ნაწილად მიიჩნევენ.

"მე ხვალ კევინ მაკკართის ხმას არ მივცემ. ის პრობლემის ნაწილია და არა გადაჭრის საშუალება". - თქვა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ბობ გუდმა 2 იანვარს, Fox News-სთან ინტერვიუში.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია აშშ-ს პოლიტიკაში. ისინი აკონტროლებენ საკანონმდებლო ორგანოსა და პალატის დღის წესრიგს და პასუხისმგებელი არიან კომიტეტის წევრების გადანაწილებაზე.

კომენტარები