უკრაინა-ისრაელი

ნეთანიაჰუმ უკრაინას UN-ში მხარდაჭერა სთხოვა, სანაცვლოდ ზელენსკიმ სამხედრო დახმარება მოითხოვა – AXIOS

Oded Balilty/AFP via Getty Images

გამოცემა AXIOS-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 31 დეკემბერს სატელეფონო საუბრისას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის  სთხოვა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მხარი არ დაეჭირა რეზოლუციისთვის, რომელიც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ დასკვნის შემუშავებისკენ მოუწოდებს. გამოცემას ინფორმაცია ისრაელისა და უკრაინის თანამდებობის პირებმა დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, ნეთანიაჰუსთან საუბრისას ზელენსკიმ თქვა, რომ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემის ან თავშეკავების სანაცვლოდ, მას სურდა მოესმინა გეგმა, თუ როგორ შეცვლიდა ისრაელის ახალი მთავრობა არსებულ პოლიტიკას და უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწოდებდა.

წყაროს ცნობით, ნეთანიაჰუს არანაირი ვალდებულება არ უღიარებია, თუმცა თქვა, რომ მზად იყო, მომავალში განეხილა ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნები.

უკრაინელმა თანამდებობის პირმა AXIOS-თან საუბრისას თქვა, რომ ზელენკის პასუხი არ მოეწონა და არ დათანხმდა რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემას ან თავშეკავებას. სანაცვლოდ მან გაეროში უკრაინის ელჩს დაავალა, რომ კენჭისყრას არ დასწრებოდა.

უკრაინამ პალესტინაში ისრაელის მოქმედებების შესახებ რეზოლუციას გაეროს საკომიტეტო კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა, თუმცა წარმომადგენელი 31 დეკემბრის გენერალურ ასამბლეას არ დაესწრო. ასამბლეამ რეზოლუცია გვიან ღამით დაამტკიცა. მას მხარი 87-მა ქვეყანამ დაუჭირა, 24-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა ხოლო 53-მა ქვეყანამ თავი შეიკავა.

რეზოლუციის თანახმად, ICJ-მ უნდა შეიმუშავოს საკონსულტაციო დასკვნა ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ოკუპაციის შესახებ. დასკვნა უნდა ეხებოდეს ისრაელის მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია  იერუსალიმის დემოგრაფიული შემადგენლობის, მდგომარეობისა და სტატუსის შეცვლაზე. მოსაზრება ასევე უნდა ეხებოდეს კითხვას, როგორ მოქმედებს ისრაელის პოლიტიკა და პრაქტიკა ოკუპაციის სამართლებრივ სტატუსზე.

კომენტარები