უკრაინა-ისრაელი

უკრაინაში ექსპორტისთვის საკმარისი იარაღი არ გვაქვს – განცი ისრაელის პოლიტიკას განმარტავს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა, რომელიც მოვალეობის შესრულებას ამ კვირაში დაასრულებს, უკრაინის მიმართ ისრაელის პოლიტიკა განმარტა. მისი თქმით, ისრაელს არ აქვს უკრაინაში ექსპორტისთვის საკმარისი შეიარაღება.

"ჩვენი პროდუქციის მასშტაბი ექსპორტისთვის საჭირო რაოდენობაზე დაბალია. არ გვაქვს [უკრაინის საჭიროებების] შესაბამის წარმოების ბაზა. პოლიტიკის ცვლილება რომც გადაწყდეს, ჩვენი მხრიდან შეუძლებელი იქნება საჰაერო თავდაცვის სისტემების დაცარიელება. ეს საუბარი ფუჭია". – თქვა განცმა.

ამას გარდა, ბენი განცმა აღნიშნა, რომ ისრაელი დახმარების შესაძლო ვარიანტებს გადახედავს.

"ვამოწმებთ რა შეიძლება გაკეთდეს და გაფართოვდეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის უკან NATO დგას". – თქვა განცმა.

ომის დაწყების პირველი დღეებიდან, უკრაინელი მაღალჩინოსნები ისრაელს პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტებით, მიმართვებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს, განსაკუთრებით რკინის გუმბათს სთხოვდნენ. თუმცა იერუსალიმი  როგორც თავდაცვითი, ისე მოიერიშე სისტემებით კიევის დახმარებისგან თავს ამ დრომდე იკავებს. ისრაელი უკრაინისთვის დახმარებისგან თავს აქამდე სირიაში რუსული კონტინგენტის ყოფნის გამო იკავებდა. რუსეთი იცავს სირიის საჰაერო სივრცეს.

კომენტარები