რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: პარადოქსულია, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ უსწრაფესი გზაა

იენს სტოლტენბერგი
Yves Herman/Reuters

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიასა და ალიანსის სხვა ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან გერმანულ საინფორმაციო სააგენტო DPA-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ეს შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ მიმავალი უსწრაფესი გზაა". - თქვა სტოლტენბერგმა. 

სტოლტენბერგის აზრით, მნიშვნელოვანია, ვლადიმირ პუტინი დარწმუნდეს, რომ იგი საკუთარ მიზანს - უკრაინაზე კონტროლის აღებას - ვერ მიაღწევს. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პუტინი ამას დაიჯერებს, მშვიდობიანი გზით მიღწეული გადაწყვეტილების შანსი შეიძლენა გაჩნდეს, რომელიც უკრაინის როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს გადარჩენას უზრუნველყოფს.

რუსეთის სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ ბოლო დარტყმებზე საუბრისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას, აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი.

"პუტინი ცდილობს, ზამთარი აქციოს იარაღად სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არ არის თავდასხმა სამხედრო ობიექტებზე, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოყვება. ეს არის მასობრივი თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე". – თქვა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები