ჟურნალისტური ქარტიის საბჭო

TV იმედის ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძეს ქარტიის საბჭომ ორი პრინციპის დარღვევა დაუდგინა

იმედი/კადრი ვიდეოდან

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტს, მარიკა ბაკურაძეს ქარტიის მეოთხე და მეათე პრინციპების დარღვევა დაუდგინა. საბჭო მიიჩნევს, რომ ბაკურაძემ დაარღვია ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემისა და ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერების პრინციპები. 28 ნოემბერს გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება დღეს, 21 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ქარტის მეოთხე პრინციპის მიხედვით, ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს. საბჭო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ იყო საჭიროება, რესპონდენტები არ გაეფრთხილებინათ ჩაწერის შესახებ. 

"კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდი ეწოდება ფარულ გადაღებას, იდენტობის შეცვლას ინფორმაციის მოსაპოვებლად ან სხვა მეთოდებს, როდესაც ინფორმაციის მოპოვების ყველა სხვა გზა ამოწურულია და საზოგადოებრივი ინტერესი კი მაღალია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი (რომლის გაზომვაც მყარი პარამეტრებით შეუძლებელია) ეთიკის კუთხით ამართლებს ინფორმაციის, ფოტოს ან დოკუმენტის მოპოვების არაკეთილსინდისიერ გზას, თუ სხვა გზა არ არსებობს.

სიუჟეტში არ ჩანდა და არც შეპასუხებაში იყო არგუმენტაცია, თუ რატომ ვერ მოხერხდა რესპონდენტების ინფორმირება ჩაწერასთან დაკავშირებით. შეპასუხებაში მითითებული იყო, რომ ჟურნალისტმა იცოდა - არცერთი რესპონდენტის იდენტიფიცირება არ მოხდებოდა გადაცემაში, თუმცა, მათი ამოცნობა მაინც შესაძლებელი იყო. ჟურნალისტი მათ სახელებსა და გვარებს არ ასახელებდა და, როგორც თავად ამბობს, რესპონდენტებს ხმა აუდიოეფექტით შეუცვალა, მაგრამ იგი ამბობდა, რა კომენტარები დაწერეს კონკრეტულმა პირებმა/ისინი ჩანდა ეკრანზე. დღეს, ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე პირობებში, შესაძლებელია, მაყურებელს თავად მოეძებნა სიუჟეტი [მასალა ვიზუალურად ჩანდა ფონზე] და კომენტარების ველში პირების იდენტიფიცირება მოეხდინა.

რა თქმა უნდა, ჟურნალისტს შეუძლია, გამოიყენოს ფარული ჩაწერის მეთოდი, როდესაც სხვა ყველა გზა ინფორმაციის მოსაპოვებლად მოჭრილია ან სხვა გზით ამ ინფორმაციის მიღება სხვადასხვა მიზეზის გამო შეუძლებელია; ჟურნალისტს შეუძლია გააკეთოს ამგვარი ჩანაწერი, თუმცა შემდეგ რედაქციამ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, უნდა გამოიყენოს თუ არა ის იმის მიხედვით, რამდენად მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ეს ჩანაწერია; მოცემულ შემთხვევაში არ ჩანს, რომ ჟურნალისტს რესპონდენტებისგან იმავე კომენტარის მიღება არ შეეძლო ან შეუძლებელი იქნებოდა მათი გაფრთხილების შემდეგ (არც შეპასუხებაში და არც სიუჟეტში არ ყოფილა აღნიშნული, რომ ჟურნალისტმა სცადა, სხვა Facebook მომხმარებლებთან დარეკვა და მათთვის კომენტარის თხოვნა, უარი მიიღო და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, არ გაეფრთხილებინა დანარჩენი რესპონდენტები ჩაწერის შესახებ); ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტმა აუდიტორიას მიაწოდა ამ ჩანაწერის შედეგად, არ წარმოადგენდა საჯარო ინტერესის საგანს, რაც გაამართლებდა მისი მხრიდან ამ მეთოდის გამოყენებას (საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე საბჭომ ასევე იმსჯელა მეათე პრინციპის განხილვისას). შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, ფარული აუდიოჩაწერა "არაკეთილსინდისიერ მეთოდად“ აქცია არა თავად ჩაწერის პროცესმა, არამედ მისმა შინაარსმა. აქედან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მეოთხე პრინციპი" - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

რაც შეეხება ქარტიის მე-10 პრინციპს, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. როგორც ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებაში წერია, განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტი შეიჭრა რესპონდენტების პირად ცხოვრებაში და მოახდინა მათი იდენტიფიცირება, ახლობლებმა/მეგობრებმა შეძლეს მათი ცნობა, რაც, მათი თქმით, არაეთიკურია, რადგან ეს არ წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანს.

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტის თანახმად, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების დროს სახეზე უნდა იყოს ლეგიტიმური მიზანი და საჭიროება, რომ ობიექტური საჯარო/საზოგადოებრივი ინტერესი უფრო მნიშვნელოვანი სიკეთეა, ვიდრე კონკრეტულ შემთხვევაში პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია. განსახილველ შემთხვევაში საბჭო ასეთ მიზანს და საჭიროებას ვერ ხედავს.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ რესპონდენტების პირადი ცხოვრების პატივისცემის მიზნით ყველა გზა გაიარა, მათი ამოცნობა მაინც შესაძლებელი იყო. Facebook მომხმარებელს შეეძლო მოეძებნა სიუჟეტი, საიდანაც ჟურნალისტი კომენტარებს კითხულობდა და ამოეცნო რესპონდენტები. 

ობიექტური ინტერესის შესაფასებლად მინიმუმ შემდეგ კითხვებზე უნდა ხდებოდეს პასუხის გაცემა: რას და ვის ამხელს ეს მასალა, რამდენად შეუწყობს ხელს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დისკუსიის წამოწყებას, ამ დეტალების გარეშე შეიძლება თუ არა პრობლემის სრულყოფილად წარმოჩენა? რა დამატებით ინფორმაციას იძლევა მასალა? რა ზიანს მიიღებს პირი მისი პირადი ინფორმაციის გამოქვეყნებით?

საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, საზოგადოებრივი ინტერესი არის მაღალი აქტუალობის მქონე იმ ფაქტის ან/და მოვლენის შესახებ საჯარო ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა), რომელიც ეხება პირთა ფართო წრეს ან საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფსა და საჯარო ინტერესის სფეროს, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.

შესაბამისად, სუბიექტური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არ არის ობიექტური საჯარო/საზოგადოებრივი ინტერესი და არ ამართლებს პირად ცხოვრებაში შეჭრას. სწორედ ამიტომ საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მეათე პრინციპი" - წერია გადაწყვეტილებაში.


იმედის ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ Facebook-ზე მისი სიუჟეტის კომენტარებში დაწერილი კრიტიკული მოსაზრებების გამო მოქალაქეებს პირადად დაურეკა და მიზეზი ჰკითხა.  

გადაცემის თემა სოციალურ ქსელში სხვისი შეურაცხყოფა იყო. იმედის დღის ჟურნალისტები სტუმართან განიხილავდნენ, თუ "როგორ გვაქცევს ციფრული სამყარო პოტენციურ მჩაგვრელად". 

უცნობია, როგორ მოიპოვა ჟურნალისტმა პირადი ინფორმაცია - Facebook-მომხმარებლების ტელეფონის ნომრები. სიუჟეტში ჩანს, რომ მოქალაქეები ჟურნალისტს არ იცნობენ.  ერთ-ერთი მოქალაქის კითხვას, საიდან გაიგო მისი ნომერი, მარიკა ბაკურაძე პასუხობს - "რა მნიშვნელობა აქვს?"  

"მე გავაკეთე ერთგვარი ექსპერიმენტი. მართლა გულწრფელად დავინტერესდი - ეს ადამიანები, ვინც ამ სიტყვებს წერენ, რამდენად ფიქრობენ იმაზე, რომ ეს არ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი სამეტყველო ენა. რეალურად, პირადად არ შეიძლება ასე მიმართო ადამიანებს. ამიტომ, გავაკეთე ექსპერიმენტი, რამდენიმე მათგანს დავურეკე და უბრალოდ ვკითხე, გულწრფელად - აი, თქვენ რომ ამას მიწერთ, თქვენ ასე საუბრობთ თქვენს გარემოში? ეს სწორად მიგაჩნიათ თუ არა". - ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტის ჩვენებამდე. 

მისი სიტყვებით, "ზოგიერთს ძალიან გაუკვირდა ეს ზარი", მაგრამ, მისივე მტკიცებით, სიუჟეტი ყველანაირი სტანდარტის, ანონიმურობისა და "ყველაფრის დაცვით" არის გაკეთებული.  

ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც ჟურნალისტს დაუკომენტარა - "რას ბოდიალობ", ბაკურაძემ დაურეკა და ჰკითხა: 

"ბოდიალი რას აღნიშნავს? კი, [ამიტომ გადავწყვიტე დარეკვა], რა თქმა უნდა, მე ხომ მაინტერესებს მაყურებლის აზრი. გასაგებია, შეიძლება არ ეთანხმებოდეთ, ამას არავინ არ გთხოვთ, მაგრამ მე კონკრეტულად მაინტერესებს, ადამიანებს შორის რამდენად სწორად მიგაჩნიათ ასეთი ურთიერთობის ფორმა, რომ "რაებს ბოდიალობ". ესე იგი, თქვენ თქვენს გარშემო მყოფებს ასე ეკონტაქტებით, რომ რაებს ბოდიალობ, ეს სწორი მიმართვაა?" - მიმართავს ჟურნალისტი მოქალაქეს. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პერსონალური მონაცემების მოპოვების საკითხის შესწავლა დაიწყო. 

კომენტარები