იმედი

მონაცემების მოპოვებაზე შესწავლა დავიწყეთ – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იმედზე

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სამთავრობო მედია იმედის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება. განცხადების მიხედვით, სამსახურმა პერსონალური მონაცემების მოპოვების საკითხის შესწავლა დაიწყო. 

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის 2022 წლის 28 ნოემბერს ტელეკომპანია იმედის მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ გადაცემა იმედის დღის ჟურნალისტმა ერთ-ერთ სიუჟეტზე ფეისბუქის მეშვეობით გაკეთებული კომენტარების თაობაზე სატელეფონო ზარი განახორციელა კომენტარის ავტორ რამდენიმე პირთან.

ტელეკომპანია იმედის მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში, აღნიშნული ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო". - ვკითხულობთ განცხადებაში.   

იმედის ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ Facebook-ზე მისი სიუჟეტის კომენტარებში დაწერილი კრიტიკული მოსაზრებების გამო მოქალაქეებს პირადად დაურეკა და მიზეზი ჰკითხა.  

გადაცემის თემა სოციალურ ქსელში სხვისი შეურაცხყოფა იყო. იმედის დღის ჟურნალისტები სტუმართან განიხილავდნენ, თუ "როგორ გვაქცევს ციფრული სამყარო პოტენციურ მჩაგვრელად". 

უცნობია, როგორ მოიპოვა ჟურნალისტმა პირადი ინფორმაცია - Facebook-მომხმარებლების ტელეფონის ნომრები. სიუჟეტში ჩანს, რომ მოქალაქეები ჟურნალისტს არ იცნობენ.  ერთ-ერთი მოქალაქის კითხვას, საიდან გაიგო მისი ნომერი, მარიკა ბაკურაძე პასუხობს - "რა მნიშვნელობა აქვს?"  

"მე გავაკეთე ერთგვარი ექსპერიმენტი. მართლა გულწრფელად დავინტერესდი - ეს ადამიანები, ვინც ამ სიტყვებს წერენ, რამდენად ფიქრობენ იმაზე, რომ ეს არ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი სამეტყველო ენა. რეალურად, პირადად არ შეიძლება ასე მიმართო ადამიანებს. ამიტომ, გავაკეთე ექსპერიმენტი, რამდენიმე მათგანს დავურეკე და უბრალოდ ვკითხე, გულწრფელად - აი, თქვენ რომ ამას მიწერთ, თქვენ ასე საუბრობთ თქვენს გარემოში? ეს სწორად მიგაჩნიათ თუ არა". - ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტის ჩვენებამდე. 

მისი სიტყვებით, "ზოგიერთს ძალიან გაუკვირდა ეს ზარი", მაგრამ, მისივე მტკიცებით, სიუჟეტი ყველანაირი სტანდარტის, ანონიმურობისა და "ყველაფრის დაცვით" არის გაკეთებული.  

ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც ჟურნალისტს დაუკომენტარა - "რას ბოდიალობ", ბაკურაძემ დაურეკა და ჰკითხა: 

"ბოდიალი რას აღნიშნავს? კი, [ამიტომ გადავწყვიტე დარეკვა], რა თქმა უნდა, მე ხომ მაინტერესებს მაყურებლის აზრი. გასაგებია, შეიძლება არ ეთანხმებოდეთ, ამას არავინ არ გთხოვთ, მაგრამ მე კონკრეტულად მაინტერესებს, ადამიანებს შორის რამდენად სწორად მიგაჩნიათ ასეთი ურთიერთობის ფორმა, რომ "რაებს ბოდიალობ". ესე იგი, თქვენ თქვენს გარშემო მყოფებს ასე ეკონტაქტებით, რომ რაებს ბოდიალობ, ეს სწორი მიმართვაა?" - მიმართავს ჟურნალისტი მოქალაქეს. 

კომენტარები