სამბო

"შეგახსენებთ, რაც თქვენთვის გავიღეთ"– სამინისტრო ქებაძეს პასუხად დაფინანსებას ახსენებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ორგზის ჩემპიონ ელენე ქებაძეს, რომელიც სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს, საპასუხოდ დაფინანსებას ახსენებს. 

სპორტსმენმა FACEBOOK-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ სამინისტრომ ნოემბერში მოპოვებულ გამარჯვებისადმი მიძღვნილი განცხადება წაშალა და აეროპორტშიც არავინ დახვედრია. 

თეა წულუკიანის უწყება ქებაძეს პოსტის კომენტარებში გამოეხმაურა: 

"ქალბატონო ელენე, ჩვენ ყოველთვის გვიხარია თქვენი წარმატება და დიდ პატივს გცემთ.

რაკი თქვენ ასეთი უსამართლო პოსტი შექმენით, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ შეგახსენოთ იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მხოლოდ ბოლო დროს სპორტის სამინისტრომ თქვენი წარმატებისთვის გაიღო სახელმწიფოს სახელით.

ბოლო დროს, თორემ მხარდაჭერა მხოლოდ ბოლო დროით არ შემოიფარგლება და ამ სპორტის სახეობასაც უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ერთი სპორტსმენისთვის გაღებული სახსრებია.

ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ რას დაწერთ კიდევ (დაგვამადლეს, აეროპორტში არ მოვიდნენ და სხვა).

1. თქვენ ყოველთვიური ხელფასი 1050 ლარი გერიცხებათ სპორტის სამინისტროსგან;

2. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლის შესაბამისი პრემია 17 ათასი ლარის ოდენობით ჩაგირიცხათ სწორედ სპორტის სამინისტრომ;

3. 5 156 ლარი - მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა სპორტის სამინისტრომ დაგიფინანსათ;

მოსამზადებელი შეკრებები, ეკიპირება და მრავალი სხვა ხარჯი ასევე სპორტის სამინისტრომ დააფინანსა.

მომავალშიც დიდ წარმატებებს გისურვებთ!"- წერს სამინისტრო. 

ელენე ქებაძე ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე სამბოს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველი სამბისტი +80 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ფინალში მან სამბოს საერთაშორისო ასოციაციის სახელით მოასპარეზე ანჟელა გასპარიანის დამარცხება მოახერხა.  აღნიშნული ინფორმაცია სამინისტრომ თავად გაავრცელა, თუმცა პოსტი დღეს არ იძებნება.

28 წლის სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება პირველად 2018 წელს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში შეძლო. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს ელენე ქებაძეს ახალგაზრდული ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატიც აქვს მოგებული. 

კომენტარები