სამბო

ქებაძე: სამინისტრომ მილოცვა უკან წაიღო და FACEBOOK-ზე პოსტი წაშალა – ძალიან სამარცხვინოა

ელენე ქებაძე

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, სამბისტი ელენე ქებაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ქებაძე FACEBOOK-ზე წერს, რომ სამინიტრომ 13 ნოემბერს გამოქვეყნებული მილოცვა უკან წაიღო და პოსტი წაშალა. 

"სამწუხაროა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ხდები უკვე მეორედ და სპორტის სამინისტროდან აეროპორტშიც კი არავინ გხვდება, აღარაფერს ვამბობ პირადად შეხვედრაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სპორტის მინისტრი ქალბატონია. კარგი, ალბათ არ სცალიათ, ყველაფერი გასაგებია. შესაძლებელია, რომ ყველაფერს თავისი ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ იმ ფაქტზე რას იტყვით, როდესაც სპორტის სამინისტრო მოგილოცავს ფეისბუქზე და დღეს ვნახულობთ, რომ ეს პოსტი წაშლილია?! ძალიან სამარცხვინოა, რომ მილოცვა უკან წაიღეს.

არაუშავს, მე ვაგრძელებ ვარჯიშს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი გულშემატკივარი და სრულიად საქართველო კიდევ ბევრჯერ გავახარო და ვასახელო!"- წერს სპორტსმენი. 

ელენე ქებაძე ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე სამბოს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველი სამბისტი +80 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ფინალში მან სამბოს საერთაშორისო ასოციაციის სახელით მოასპარეზე ანჟელა გასპარიანის დამარცხება მოახერხა.  აღნიშნული ინფორმაცია სამინისტრომ თავად გაავრცელა, თუმცა პოსტი დღეს არ იძებნება.

28 წლის სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება პირველად 2018 წელს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში შეძლო. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს ელენე ქებაძეს ახალგაზრდული ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატიც აქვს მოგებული

კომენტარები