რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: ბელარუსი არა მხოლოდ კარგი მეზობელი, არამედ მოკავშირეა – ამ სიტყვის სრული გაგებით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბელარუსი მოსკოვის უახლოესი მოკავშირეა. ხოლო მინსკში ვიზიტის ოფიციალური მიზანი "ადრე მიღებული საკავშირო პროგრამების განხორციელების პროცესის განხილვაა".

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბელარუსი არა მხოლოდ ჩვენი კარგი მეზობელია, რომელთანაც ათწლეულებია ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით ვმუშაობთ, არამედ ის, რა თქმა უნდა, ჩვენი მოკავშირეა - ამ სიტყვის სრული გაგებით". - თქვა პუტინმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, CNN-მა ხაზი გაუსვა, რომ პუტინი და ლუკაშენკო მინსკში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის ხსენებას მოერიდნენ. 

ვლადიმირ პუტინის მინსკში ვიზიტს დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის გერმანია გამოეხმაურა. გერმანიის კანცლერის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფენ გებშტრაიტის თქმით, მთავრობა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მინსკში ვიზიტით შეშფოთებულია. 

მაღალჩინოსნის ცნობით, შიში გამოწვეულია ბელარუსის გაურკვეველი როლით რუსეთ-უკრაინის ომში და იმით, რომ პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრის შემდეგ შესაძლოა ბელარუსის ომში ჩართულობა გაიზარდოს. 

გებეშტრაიტმა ახსენა ისიც, რომ ბელარუსი ამ დრომდე რუსეთს ომში ეხმარება - რუს სამხედროებს თავის ტერიტორიაზე ჯარების განლაგების საშუალებას აძლევს და საბრძოლო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხსნის. 

კომენტარები