ირანი

ოსკაროსანი ფილმის მსახიობი ირანში ანტისამთავრობო გამოსვლების მხარდაჭერის გამო დააკავეს

Tristan Fewings/Getty Images

ირანში ცნობილი მსახიობი, ტარანე ალიდოსტი ანტისამთავრობო პროტესტში მონაწილე პირის სიკვდილით დასჯის გაკრიტიკების გამო დააკავეს

ტარანე ალიდოსტიმ, რომელმაც 2016 წელს ოსკაროსან ფილმში "გამყიდველი" ითამაშა დაგმო მოჰსენ შეკარის სიკვდილით დასჯა. გავრცელებული ინფორმაციით, შეკარი 23 სექტემბერს თეირანში გამართულ საპროტესტო აქციაზე ბასიჯის გასამხედროებული ძალის წევრის დაჭრის გამო "ღმერთის წინააღმდეგ ომის წარმოებისთვის" გაასამართლეს.

სახელმწიფო მედიის, Fars News Agency-ს ცნობით, ალიდოსტი დააკავეს, რადგან მას კრიტიკისთვის საკმარისი "მტკიცებულებები არ ჰქონდა". 

როგორც ფემინისტმა აქტივისტმა, ალიდოსტიმ გასულ თქვეს საპროტესტო მოძრაობის მხარდასაჭერად Instagram-ზე გამოაქვეყნა საკუთარი სურათი ისლამური ჰიჯაბის გარეშე და ფოტზე ეჭირა აბრა წარწერით - "ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება".

ირანში საპროტესტო გამოსვლები 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ მკაცრი წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა და სამი დღის შემდეგ, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

პირველი საპროტესტო აქცია ამინის დაკრძალვის შემდეგ ქალაქ საყეზში 17 სექტემბერს გაიმართა, სადაც ქალებმა სოლიდარობის ნიშნად თავსაბურავები მოიხსნეს და დაწვეს. სექტემბრიდან საპროტესტო აქციების ტალღა გრძელდება, დაღუპულია ასობით ადამიანი. 

საპროტესტო აქციების დაწყებიდან მალევე აშშ-მ სანქციები დაუწესა მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მიმდინარე პროტესტის ჩახშობაზე არიან პასუხისმგებელი. 

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში წინა კვირას ორი ადამიანი ჩამოახრჩვეს. სასამართლომ ისინი “ღმერთის წინააღმდეგ მტრობის” ბრალდებით გაასამართლა. 

კომენტარები