ბუქარესტში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმა მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი და რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს ვერნერ იოჰანსენი.
ევროკავშირის ჩართულობით რეგიონის ქვეყნებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შავ ზღვაში ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტის ნაწილია, რომელსაც ევროკავშირი დააფინანსებს.
"შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ამ მხრივ მნიშვნელოვან პერსპექტივას გვანიჭებს. ზემოხსენებული პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობები ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად – საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტრო გადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს". – თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
- ლაიაენი: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს
- ორბანი: 30 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, ვიტყოდი – შავი ზღვის ფსკერზე კაბელი ნამდვილი როკ-ენ-როლია
ევროკავშირის Global Gateway Board-ის განცხადებით, შავი ზღვისთვის სტრატეგიული ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელს შეუწყობს ორმხრივ მედეგობას და ასევე შესაძლებელს გახდის მწვანე ენერგიის ექსპორტს სამხრეთ კავკასიიდან ევროპაში.