მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ნადირაძე სააკაშვილზე: მცირე თუ სასურველი რაოდენობით და რაც სურს იმას როცა ჭამს, ირგებს

ნინო ნადირაძე  
TV იმედი

კლინიკა ვივამედის დირექტორის, ნინო ნადირაძის თქმით, ექპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წონის კლება საკვების მიღებასთან კავშირში არაა, რადგან, როგორც ნადირაძე ამბობს, სააკაშვილი "რასაც ჭამს, ირგებს". ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა TV იმედის ეთერში ისაუბრა. 

"იყო სულ ერთი, ან ორი გულისრევა-პირღებინების ეპიზოდი, სხვა შემთხვევაში, რასაც ჭამს [მიხეილ სააკაშვილი] მცირე რაოდენობით თუ ნაკლები რაოდენობით თუ სასურველი რაოდენობით, რასაც თვითონ მას სურს, ყველაფერს ირგებს. ამიტომ ის რომ ვერ ირგებს და ამიტომ არ სუქდება, ეს მომენტი არაა...ფიზიკური წინააღმდეგობა, ან ყლაპვის მოშლა, ის რაც ხელს უშლის გადაყლაპვას, ფიზიკური არ არსებობს, ხოლო იმისი დიფერენცირება და დამტკიცება რომ არ ჭამს თუ ვერ ჭამს, ეს იმდენად სუბიექტურია და სათუოა, რომ ამის დამტკიცება ძალიან რთულია".- ამბობს ნადირაძე. 

მან ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში ინდექსი დათვალეს და ის კახექსიაში არ ჯდება. 

"კახექსიის მარკერებია სისხლში, რომელიც ჩვენ ასევე გავზომეთ, მათ შორის ინტერლეიკინის და ა.შ, ესენიც ნორმის ფარგლებშია. მისი ლაბორატორიული მონაცემები კახექსიის დამადასტურებელ სურათს არ იძლევა".- ამბობს ნადირაძე და დასძენს, რომ ამ თემაზე უფრო მეტის თქმას სასამართლოში შეძლებს. 

14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც უწყების ცნობით "ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას". პენიტენციური სამსახური წერს, რომ გამოქვეყნებულ მასალაში ნათლად ჩანს სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, "რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა". იუსტიციის მინისტრის ცნობით, კადრევი აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 

14 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის სურვილის მიუხედავად, ის საკუთარ სასამართლო პროცესზე არ ჩართეს - მიზეზად კლინიკა ვივამედმა ტექნიკური მოწყობილობების არქონა დაასახელა. 

ადვოკატები და ოჯახის წევრები სააკაშვილის გათვაისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მათივე ცნობით, ექსპრეზიდენტი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.  

ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

“ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია”. - წერია დასკვნაში.  

 

კომენტარები