უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინა ღრმად წუხს სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუარესების გამო.
უკრაინის საგარეო საქართველოს ხელისუფლებას, მისი სასჯელის გადავადებისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეშფოთებულია თბილისის სამედიცინო ცენტრ ვივამედში მყოფ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო.
უკრაინის მოქალაქის კრიტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, გაუწიოს მას სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დააკმაყოფილოს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაყვანის მიზნით შემდგომი მკურნალობისთვის.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრი ლუბინეცის სააკაშვილსთან წვდომა.
უკრაინა გააგრძელებს განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე, მათ შორის უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელიც უნდა გათავისუფლდეს".- აღნიშნულია განცხადებაში.
14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც უწყების ცნობით "ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას". პენიტენციური სამსახური წერს, რომ გამოქვეყნებულ მასალაში ნათლად ჩანს სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, "რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა". იუსტიციის მინისტრის ცნობით, კადრევი აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
14 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის სურვილის მიუხედავად, ის საკუთარ სასამართლო პროცესზე არ ჩართეს - მიზეზად კლინიკა ვივამედმა ტექნიკური მოწყობილობების არქონა დაასახელა.
ადვოკატები და ოჯახის წევრები სააკაშვილის გათვაისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მათივე ცნობით, ექსპრეზიდენტი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.
ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო.
“ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია”. - წერია დასკვნაში.





