ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: მენანება ყველა, ვისაც შეუძლია, რაღაც ფარული ჩანაწერებით ირბინოს, ეს არის საშინელება

ნიკა მელია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ეხმიანება ჩანაწერს, რომელიც დეპუტატ ეკა ხერხეულიძის თქმით, მოასმენინეს, სადაც თითქოს მელია მიხეილ სააკაშვილზე ლაპარაკობს.  

მელია TV პირველის ეთერში ამბობს, რომ ახლა ამის გარჩევის დრო არ არის და სამომავლოდ ყველაფერი გაირკვევა. 

"ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება ხელისუფლების "მეცადინეობის" გარეშე, რომელთათვის ნორმად არის ქცეული მოსმენა, მიყურადება, შანტაჟი, დამცირება  და ამიტომ წყარო ეს ხდება, როცა ფარულ ჩანაწერებზეა საუბარი, აბა წყარო რა შეიძლება იყოს. ამის მიღმა, ვის ხელშია, ვინ დაატარებს, ვისი ტელეფონიდან ვისში ვარდება, რას აკეთებენ, რა მიზნებსა და ამოცანებს ემსახურება, ეს ყველაფერი მომავალში გაირკვევა. ამის დრო ახლა არ არის".- ამბობს ნიკა მელია. 

მელიას თქმით, ეს "იმდენად მდაბიო და ამორალური საქციელია", რომ ლაპარაკიც არ სურს. 

"დღეს ერთი ადამიანისგან საოცრება მოვისმინე, მე არ ვიცი ჩანაწერებზე, მაგრამ პირადად მაქვს მოსმენილი მელია რას საუბრობდა სააკაშვილთან დაკავშირებითო. მორალური დაცემის მაგალითები ვიხილეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში, მაგრამ ჩემი ამოცანა არაა, რომ ბევრი ადამიანი გარშემო მორალურად დაეცეს, პირდაპირ გეუბნებით, პირიქით, ჩემი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო მეტი შევძლო, რომ ამ მორალური დაცემისგან ვიხსნა რამდენიმე ადამიანი მაინც გარშემო. მენანება ყველა, ვისაც შეუძლია და უნარი აქვს, რაღაც ფარული ჩანაწერებით ირბინოს. ეს არის საშინელება". - ამბობს ის. 

კითხვაზე, ჩანაწერების გავრცელება ენმ-დან მოხდა თუ არა, ნიკა მელია პასუხობს, რომ "ყველაფერი გაირკვევა". 


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ 14 დეკემბერს მოასმენინეს ფაბრიკაცია, სადაც ოთხ სხვადასხვა პერიოდში ჩაწერილი ნიკა მელიას ხმა გაერთიანებულია და შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს უსიამოვნო ტერმინოლოგიით მიხეილ სააკაშვილზე ლაპარაკობს. ხერხეულიძეს თქმით, უთხრეს ისიც, რომ ჩანაწერს მათ მოასმენინებდნენ, ვინც ნიკა მელიას მხარს დაუჭერს. 

კომენტარები