ბელარუსი

ბრიტანეთის დაზვერვა: ბელარუსმა შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმება დაიწყო

ბელარუსი სამხედროები
belprauda.org

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, 13 დეკემბერს ბელარუსმა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები უკრაინის საზღვრის მოშორებით, ბელარუსის ჩრდილო-დასავლეთით მიმდინარეობს. ამას გარდა, რუსეთმა მობილიზებული რეზერვისტების დამატებითი ნაწილები ბელარუსში განალაგა. 

"ბელარუსმა 2022 წლის 24 თებერვლიდან კიევის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. თუმცა, ამჟამად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსის ჯარები და რუსული ქვედანაყოფები წარმოადგენენ ძალას, რომელსაც ჩრდილოეთ უკრაინაზე ახალი წარმატებული თავდასხმის განხორციელება შეუძლია". – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. 

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW-ის) 11 დეკემბრის ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი რუსეთ-უკრაინის ომში ჩაერთოს, მიუხედავად ბელარუსის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით რუსი ოფიციალური პირების საინფორმაციო კამპანიისა.

ISW-ის შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ლუკაშენკო უკრაინაში თავისი არმიის დიდ რაოდენობას შეიყვანს, ეს ძალა იმდენად მცირე იქნება, რომ რაიმე არსებითი ოპერაციული წარმატების მიღწევას ვერ შეძლებს.

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყნის შიდა დინამიკის გათვალისწინებით, ბელარუსი უკრაინაში შეიჭრას. ლუკაშენკომ, სავარაუდოდ, იცის, რომ უკრაინაში შეჭრა მისი, როგორც სუვერენული ქვეყნის ლიდერის სანდოობას ძირს უთხრის, რადგან აშკარაა, რომ რუსეთის მცდელობამ, ბელარუსზე სრული კონტროლი დაემყარებინა, წარმატებას მიაღწია". – წერია ანგარიშში.

კომენტარები