1988 წლის ლოკერბის ტერაქტში მონაწილეობაში ბრალდებული აშშ-ს სასამართლოში წარდგება

რეისი Pan Am 103-ის ნამსხვრევები შოტლანდიაში, ლოკერბიში, 1988 წლის დეკემბერი
Getty Images

ლიბიელი კაცი, რომელსაც ბრალად ედება 1988 წელს შოტლანდიაში, ლოკერბის დასახლების თავზე რეის Pan Am 103-ზე მოწყობილ ტერაქტში გამოყენებული ბომბის დამზადება, აშშ-ს სამართალდამცველების ხელშია. ამას შოტლანდიელი და ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ. 

აშშ-მ აბუ აგილა მუჰამედ მასუდ ხეირ ალ-მარიმის ტერაქტში მონაწილეობასთან დაკავშირებული ბრალი 2020 წლის დეკემბერში წაუყენა.

1988 წლის ტერაქტის დროს, ბომბის აფეთქების შედეგად ჩამოვარდა თვითმფრინავი ბოინგ 747, რეისი Pan Am 103, რომელიც ლონდონიდან ნიუ-იორკის მიმართულებით მიფრინავდა. თვითმფრინავი შოტლანდიაში, ლოკერბის დასახლებაში ჩამოვარდა. შემთხვევას 270 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 259 თვითმფრინავის მგზავრი, 11 კი, ტერაქტის დროს, იმ სახლებში იმყოფებოდნენ, რომლებსაც თვითმფრინავის ნარჩენები დაეცა. ეს დიდი ბრიტანეთის მიწაზე მომხდარი ყველაზე დიდი მსხვერპლის მქონე ტერაქტია. 

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აბუ აგილა მუჰამედ მასუდ ხეირ ალ-მარიმი, სავარაუდოდ, კოლუმბიის სასამართლოს წინაშე წარდგება.

როდესაც ალ-მარიმის აშშ-მ 2020 წელს ბრალი წაუყენა, ის ლიბიაში უკვე იხდიდა სასჯელს, თუმცა სხვა დანაშაულებთან დაკავშირებით.

სასამართლოს დოკუმენტები ბრალდებულს ახასიათებენ, როგორც ბომბების პროფესიონალ დამმზადებელს, რომელიც ლიბიის უსაფრთხოების დაზვერვის სამსახურში 1970-იან წლებში შევიდა და მონაწილეობა მიიღო ბევრ ოპერაციაში, რომლებიც ლიბიის გარეთ ჩატარდა. მან პოლკოვნიკის რანგს მიაღწია.

აქამდე, გასულ წლებში ჩატარდა აბდელბესეთ ალი მოჰმედ ალ-მეგრაჰისა და ალ-ამინ ხალიფა ფიმას სასამართლო პროცესები. ეს ორი პირიც ლიბიის დაზვერვის თანამშრომლები იყვნენ. შოტლანდიის სასამარათლომ მეგრაჰის ტერაქტში მონაწილეობის ბრალი 2001 წელს დაუდასტურა და 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2012 წელს სიმსივნის გამო გაათავისუფლეს. ის ლიბიაში 2012 წელს მოკვდა. რაც შეეხება ფიმას, ის გაამართლეს.

აბუ აგილა მუჰამედ მასუდ ხეირ ალ-მარიმის ბრალი მხოლოდ ათწლეულების შემდეგ დასდეს. საფუძველი აშშ-ს სამართალდამცველების მიერ ალ-მარიმის 2012 წლის ლიბიაში ჩატარებული დაკითხვის პასუხები გახდა. 

დაკითხვაში ის ბომბის დამზადებაში საკუთარ ბრალს აღიარებდა და მეტიც, ამბობდა, რომ ლიბიის ყოფილმა ლიდერმა, მუამარ კადაფიმ, რომელიც 2011 წელს გადატრიალების შემდეგ მოკლეს, აშშ-ზე წარმატებული თავდასხმისთვის მადლობა პირადად გადაუხადა მას და თავდამსხმელთა გუნდის სხვა წევრებს. ის ამბობდა, რომ სხვა მსგავს საქმეებშიც იყო ჩართული და ტერაქტის დავალება ლიბიის დაზვერვისგან ჰქონდა მიღებული.

გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალ-მარიმი შეიარაღებულმა ჯგუფმა გაიტაცა, რის შემდეგაც გაჩნდა სპეკულაცია, რომ მას აშშ-სთვის გადასაცემად და გასასამართლებლად ამზადებდნენ.

კომენტარები