რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: რუსეთი ირანს სამხედრო ტექნოლოგიებით ახლო აღმოსავლეთის აფეთქებისთვის ეხმარება

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ირანის მხრიდან რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების საკითხს ეხმაურება და მათ ურთიერთობას "ბოროტების ალიანსს" უწოდებს. მისივე თქმით, რუსეთი სამხედრო დახმარებით ირანს ახლო აღმოსავლეთის აფეთქებისთვის ეხმარება. 

"ბოროტების ალიანსი ჩამოყალიბებულია. ირანი რუსეთის ფედერაციისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას გეგმავს, რადგან იცის, რომ ისინი [რუსები] ევროპაში ომისთვის გამოიყენებენ. რუსეთი ირანს სამხედრო (ბირთვული?) ტექნოლოგიებით ახლო აღმოსავლეთის აფეთქებისთვის ეხმარება. ეს უკვე არა უკრაინის, არამედ გლობალური უსაფრთხოების საკითხია. უბრალოდ ყურებას ვაპირებთ?” – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის არმიის ირანის მხრიდან მხარდაჭერა, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში გაიზრდება. ამავე ინფორმაციით, ირანის მიერ ბალისტიკურ რაკეტების სავარაუდო გაგზავნის სანაცვლოდ, რუსეთი, დიდი ალბათობით, ირანს სამხედრო და ტექნიკური თვალსაზრისით, უპრეცედენტო დონეზე დაეხმარება. 

"რუსეთმა SS-26 ისკანდერის მცირე რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტების მარაგის დიდი ნაწილი, დიდი ალბათობით, ამოწურა. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დიდი რაოდენობით ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს ექსპლუატაციაში მოიყვანს, სავარაუდოდ, მათ უკრაინის მნიშვნელოვან ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გასაგრძელებლად გამოიყენებს". – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.

კომენტარები