რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: სავარაუდოდ, ირანი რუსეთს ბალისტიკური რაკეტებით დაეხმარება

EPA

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის არმიის ირანის მხრიდან მხარდაჭერა, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში გაიზრდება. ამავე ინფორმაციით, ირანის მიერ ბალისტიკურ რაკეტების სავარაუდო გაგზავნის სანაცვლოდ, რუსეთი, დიდი ალბათობით, ირანს სამხედრო და ტექნიკური თვალსაზრისით, უპრეცედენტო დონეზე დაეხმარება. 

"რუსეთმა SS-26 ისკანდერის მცირე რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტების მარაგის დიდი ნაწილი, დიდი ალბათობით, ამოწურა. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დიდი რაოდენობით ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს ექსპლუატაციაში მოიყვანს, სავარაუდოდ, მათ უკრაინის მნიშვნელოვან ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გასაგრძელებლად გამოიყენებს". – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.

აშშ-ს შეფასებით, ბოლო პერიოდში ირანისა და რუსეთის ურთიერთობები თავდაცვის საკითხებში სრულფასოვან პარტნიორობად ჩამოყალიბდა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, რუსეთი ირანისგან უპრეცედენტო დონის სამხედრო მხარდაჭერას იღებს.

აშშ-ს ინფორმაციით, რუსეთი და ირანი სამხედრო დრონების ერთობლივ წარმოებასაც განიხილავენ.

რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინამ რუსეთი თავდასხმებში ირანული დრონების გამოყენებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, ირანს სანქცია რამდენიმე ქვეყანამ დაუწესა, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ. დრონების მიწოდების საკითხზე ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა ევროკავშირმაც. 

10 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა ისაუბრა უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარების გაცემაზე და პირობა დადო, რომ რუსეთის კავშირებს ირანთან ხელს შეუშლის. ამ კავშირის ფარგლებში რუსეთი, ირანისთვის სამხედრო მხარდაჭერის შეთავაზების სანაცვლოდ, ასობით ბალისტიკური რაკეტის მიღებას ელის.

კომენტარები