საპენსიო ფონდი

ნოემბრის ჩათვლით საპენსიო ფონდის ნომინალური ამონაგები 39.86%, ხოლო რეალური 1.71%-ია 

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის ნოემბრის თვის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო სქემის ამოქმედებიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით, ფონდის წმინდა ნომინალურმა ამონაგებმა 418 000 000 ლარი შეადგინა (39.86%), ხოლო ინფლაციის 37.50%-იანი მაჩვენებლით შესწორებული ნომინალური ამონაგები, იგივე რეალური ამონაგები ამავე დროით პერიოდში 1.71%-ს შეადგენს. ასევე, აქტივების 81.2% უცხოურ ვალუტაშია განთავსებული, დანარჩენი, 18.8% – ლარში.

საპენსიო აქტივი, თავის მხრივ, დასაქმებულის ან თვითდასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული ყველა აქტივის ერთობლიობაა, რომლის განკარგვის უფლება მფლობელს მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის დროს აქვს.  

იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე პერიოდში აქტივების რეალური ღირებულების მთავარ გამოწვევას ინფლაცია წარმოადგენს, ფონდის რეალური ამონაგები, ანუ ის თანხა, რომელსაც ადამიანები პენსიაზე გასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, მიიღებენ, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნომინალურად (ინფლაციის გათვალისწინების გარეშე) ფონდში აკუმულირებულ თანხას. ეს კი ფონდში განთავსებული თანხების დაცულობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის.  

ამასთან, საინვესტიციო ინსტრუმენტების მიხედვით, აქტივების განაწილება შემდეგნაირია:

  • სადეპოზიტო სერტიფიკატები/ვადიანი ანაბრები – 64.6%;
  • საქართველოს სახაზინო ობლიგაციები – 14.1%;
  • აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები – 8.7%;
  • გლობალური აქციები – 8.1%;
  • მიმდინარე ანგარიშები – 3.5%;
  • ევროობლიგაციები – 0.9%;
  • ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები – 0.1%.

2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საპენსიო სქემა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულები ფონდში რიცხავენ შემოსავლის 2%-ს, ამას დაემატება დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2% დასაქმებულის მთლიანი შემოსავლის. 40 წლამდე სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი.

კომენტარები