პერუ

პედრო კასტილიოს იმპიჩმენტის შემდეგ პერუმ ახალი პრეზიდენტი აირჩია

პედრო კასტილიოს იმპიჩმენტის შემდეგ პერუს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, დინა ბოლუარტემ პრეზიდენტის ფიცი დადო და პერუს ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტი. 

ბოლუარტეს თქმით, იგი ქვეყნის მმართველის პოზიციას 2026 წლამდე დაიკავებს (ამ დროს ეწურებოდა ექსპრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა).

ფიცის დადების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა კრიზისის დაძლევის მიზნით ყველას შეთანხმებისკენ მოუწოდა და თქვა - "მე თქვენგან მხოლოდ დროს ვითხოვ, რათა ქვეყანა მძიმე პერიოდისგან ვიხსნა".

მას შემდეგ, რაც პერუს პრეზიდენტმა, პედრო კასტილიომ ქვეყნის კონგრესის დაშლის ბრძანება გასცა და ქვეყანა კონსტიტუციურ კრიზისამდე მიიყვანა, პერუს კონგრესმა მისი იმპიჩმენტის პროცესი ჩაატარა და კასტილიო გადაყენებულად გამოაცხადა.

კონგრესმა გასულ კვირას კასტილიო მმართველობის "მორალური უუნარობის" ბრალდებაზე საპასუხოდ მოიწვია. ოქტომბერში პერუს პროკურატურამ მის წინააღმდეგ კონსტიტუციური საჩივარი შეიტანა. კასტილიოს ბრალად სდებდნენ "დანაშაულებრივი ორგანიზაციის" ლიდერობას, სამთავრობო კავშირებით სარგებლის ნახვასა და გამოძიებებისთვის ხელის შეშლას.

კასტილიო ბრალდებებს უარყოფდა.

კომენტარები