რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ისტორია მეორდება" – პაპმა ფრანცისკემ რუსეთის ქმედებები ნაცისტური გერმანიისას შეადარა

CNA/ Daniel Ibáñez

პაპმა ფრანცისკემ შეკრებისას პოლონელ მომლოცველებს მიმართა და უკრაინაში რუსეთის ქმედებები ნაცისტური გერმანიის ოპერაციას შეადარა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის პირველ წლებში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა, უმეტესად, ებრაელები. პაპის სიტყვებით, ისტორია მეორდება. 

პოლონელ მომლოცველებთან საუბრისას პაპმა თქვა, რომ პოლონეთში ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში ახლახანს გაიხსენეს ოპერაცია რაინჰარდი, რომელიც იყო საიდუმლო ოპერაცია ოკუპირებული პოლონეთის იმ ნაწილში, რომელსაც გერმანელები "გენერალურ მთავრობას" უწოდებდნენ და ახლა უკრაინის ტერიტორიის ნაწილია.  

"დაე, ამ შემაძრწუნებელი მოვლენის მოგონებებმა ყველა ჩვენგანში სამშვიდობო მიზნები და მოქმედებები აღძრას!" - ამ სიტყვებით მიმართა პაპმა ფრანცისკემ აუდიტორიას. შემდეგ კი დაამატა, რომ დღეს ისტორია მეორდება და ამას მოწმობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. 

ომის დაწყების დღიდან პაპი ფრანცისკე გმობს რუსეთის მოქმედებებს. გასულ თვეს მან უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ჰოლოდომორს შეადარა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პაპის კომენტარებს არაქრისტიანული და შეუსაბამო უწოდა. 

კომენტარები