მიხეილ სააკაშვილი

გადაუვადდება თუ არა სააკაშვილს სასჯელი – სასამართლო სარჩელზე 9 დეკემბერს იმსჯელებს

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. ექსპრეზიდენტის ადვოკატები, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ. 

სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ შუამდგომლობა პირველ დეკემბერს შეიტანა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის წევრებს მიმართა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად შეხვედრა სთხოვა. 

"მეგობრებო!

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 9 დეკემბერს, 13 საათზე.

ამ ეტაპზე ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია.

არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ჩვენი ერთობითა და თანამშრომლობით, როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვისა მხარესა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან.

შესაბამისად, გთხოვთ, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს, შევხვდეთ ხვალ, 12 საათზე ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, რათა განვიხილოთ უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა და შევაჯეროთ პოზიციები".- წერს მელია FACEBOOK-ზე. 

ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის რამდენიმე დღის წინ გავრცელებული  დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

ამასთანავე, ემპათიას განცხადების მიხედვით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები ნეირო-ფსიქიკური, გასტრო-ენტეროლოგიური, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და მხედველობის მხრივ. მათივე ცნობით, სააკაშვილს აქვს დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, კუნთების განლევა, "რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც". 

კომენტარები