საქართველო-უკრაინა

პრეზიდენტი: საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ, იცის, რა ფასს იხდის თავისუფლებისთვის

მართლაც არის ურთულესი პერიოდი, არამხოლოდ ჩვენთვის, პოლონეთისთვისაც და მთლიანად ევროპისთვის და ვიტყოდი, რომ მსოფლიოსთვის. კიდევ ერთხელ, რუსეთმა აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, გამოავლინა თავისი ექსპანსიონისტური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე და 10 თვეა რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ამ 10 თვის მანძილზე, უკრაინელმა ხალხმა, მებრძოლებმა, სამხედრო პირებმა და მთელმა საზოგადოებამ გვაჩვენა, თუ რას ნიშნავს ქვეყნის დაცვა. გვაჩვენა, თუ რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა და არამხოლოდ თავიანთი თავისუფლების, არამედ მთელი ევროპის და ჩვენი, საქართველოს, როგორც ამ სივრცის ნაწილის. თავისუფლების დაცვა ნიშნავს იმას, რომ მთელი საზოგადოება არის გაერთიანებული და მე ამას ვამბობ არა მხოლოდ ზოგადად, არამედ ამას ვამბობ საქართველოსთვის, მაგილითია, როცა ერთიანი არის ქვეყანა, პოლარიზაცია გვერდზე არის გადადებული, ის რაც გვაპირისპირებს ერთმანეთთან. ამ დროს შეუძლია ქვეყანას, რომ ყველაფერს გაუძლოს...

საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ. საქართველომ იცის, რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რამეთუ საქართველომ ეს ფასი გადაიხადა, იცის, რომ ჩვენი მომავალი არის ერთი. მთელი ქვეყნის პოზიციაა, რომ საქართველო სოლიდარული უნდა იყოს უკრაინის, არ შეიძლება, რომ საქართველომ მხარი არ დაუჭიროს თავის შესაძლებლობის ფარგლებში. ყველამ ვიცით, საქართველოს არ აქვს პოტენციალი, რომ ჩაერთოს ამ ომში და ეს არც იქნებოდა სწორი. მინდა ყველა მოგიწვიოთ და ნახოთ საქართველოს და თბილისის ქუჩებში როგორ გამოიხატება საქართველოს სოლიდარობა.

მინდა გამოვიყენო ეს ტრიბუნა და აქედან მივაგო პატივი იმ ქართველ მებრძოლებს, ვინც საკუთარი ნებით და თავდადებით არიან ჩართულები მეგობარ და ძმა უკრაინელების ბრძოლაში. ჩვენ 33 ქართველი დავკარგეთ და მათი ხსოვნა უკვდავი იქნება. ეს ნამდვილად ისტორიული ბრძოლაა.

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პოლონელ კოლეგასთან, ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. 

კომენტარები