ევროპული საქართველო

შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის ბიუჯეტში გაითვალისწინეთ მგზავრობა – ევსაქები თელავის მერიას

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტის დამუშავებასთან დაკავშირებით თელავისა და ახმეტის მერიებს განცხადებით მიმართეს. პარტიის ცნობით, თელავის მერიასთან მობილიზებული იყო დაცვის პოლიცია - ისინი ბესო დონაძეს და ნინო ორდენიძეს არ აძლევდნენ განცხადების ჩაბარების საშუალებას.

ევროპული საქართველოს მოთხოვნით, 2023 წლის ბიუჯეტში შშმ ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის ბიუჯეტის დამტკიცებისას მერიამ უნდა გაითვალისწინოს მგზავრობის ხარჯები.

"ერთი კვირის წინ გავმართეთ ბრიფინგი, სადაც გამოვედით ინიციატივით, რომ მუნიციპალიტეტებში გაიზარდოს შშმ ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის თანხები და გათვალისწინებული
იქნას ტრანსპორტის ხარჯიც, რადგან ყველა რაიონსა და ქალაქში არაა განთავსებული დღის ცენტრები, შესაბამისად მათ სჭირდებათ გადაადგილება, რაც ძალიან ძვირია. ეს ადამიანები ვერ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ხშირ შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ არსებობს.

ახლა ვიმყოფებით თელავის მერიასთან, სადაც ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. არის ამ პროგრამისთვის გათვალისწინებული გარკვეული თანხა, თუმცა ჩვენ ვითხოვთ ამ თანხის გაზრდას, რადგან თელავში არ არის დღის ცენტრი და მომსახურების მისაღებად თბილისში, ისნის ფილიალში
უწევთ სიარული. სწორედ ამიტომ აუცილებელია ამ თანხის გაზრდა, რათა ამ ბავშვებმა თელავში მოახერხონ სრულფასოვანი მკურნალობის მიღება. ჩვენ გვაქვს მომზადებული მერის სახელზე წერილი, რომელიც კანცელარიაში დავარეგისტრირეთ და დაველოდებით მათ პასუხს, შემდეგ მათი პასუხიდან
გამომდინარე ვიმოქმედებთ“ - ამბობს ბესიკ დონაძე.

ნინო ორდენიძის თქმით, თელავში არსებულ ადრეული განვითარების ცენტრში მხოლოდ 7 წლამდე
ბავშვებს შეუძლიათ მომსახურების მიღება.

"ხოლო 7 წლის ზევით, განსაკუთრებით აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები, რომელთა განვითარებისთვის აუცილებელია ეს პროგრამა, თელავში ვერ იღებენ მომსახურებას, ვერც სხვა ახლომდებარე ქალაქებში. შესაბამისად, მათ პროგრამის მისაღებას თბილისში სიარული უწევთ. გარდა იმისა, რომ ისედაც ძალიან ცოტაა ის საათები, რომელთა დაფინანსებაც ხდება, ამ მხრივ არის
საშინელი ვითარება რეგიონებში, ფაქტობრივად მერის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, როგორ აითვისებენ ბიუჯეტს, რას დააფინანსებენ და რას არა. რა თქმა უნდა, ყველას არ აქვს თბილისში ან სხვა ქალაქებში ტრანსპორტირების ხარჯების საშუალება და ამ უსახსრობის გამო ვერ იღებენ სერვისს,
რაც რეალურად მათი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია“ - ამბობს ორდენიძე.

კომენტარები