ინფლაცია საქართველოში

ბოსტნეული 26%-ით, პური 23.8%-ით, კვერცხი და ყველი 18.3%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 10.4%-ია

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.5%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 10.4% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა. 

ერთ წელში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 16.8%-ით გაიზარდა, ტრანსპორტი 8.2%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 15.4%-ით, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 15.9%-ით, ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა 9.6%-ით, დასვენება, გართობა და კულტურა 6.2%-ით, ხოლო განათლება 6.6%-ით.

წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული + 26%
  • პური და პურპროდუქტები + 23.8%
  • რძე, ყველი და კვერცხი + 18.3%
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 22%
  • ყავა, ჩაი და კაკაო + 19.5%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 15.7%
  • თევზეული + 13.6%
  • ზეთი და ცხიმი + 10.1%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები + 9.1% 
  • ხილი და ყურძენი + 6.9%;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.55%-ით აისახა.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.2%-ით, რაც 0.97%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (8.2%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.1%).

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.4%-იანი მატება, რაც 1.51%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე - 34.1%, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.8%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.6%).

კომენტარები