იციკ მოშე

ისრაელის მედია: ირანის ყუდსის ძალებს საქართველოში იციკ მოშეს მოკვლა სურდათ

იციკ მოშე

The Times of Israel-ი ისრაელის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ყუდსის ძალებს საქართველოში საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს მკვლელობა სურდათ.

აქამდე, 15 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ირანი-საქართველოსა და პაკისტანის მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა.

ისრაელის მედიის ანონიმური წყაროს ცნობით, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ირანის ძალებმა მოშეს მკვლელობა სცადეს.

The Times of Israel-ი წერს, რომ მოშეს მკვლელობას ირანის ყუდსის ძალები რამდენიმე ქვეყნიდან გეგმავდნენ და ირანის ხელმძღვანელობით, საქართველოში გაემართა ალ-კაიდასთან კავშირში მყოფი პაკისტანური ჯგუფი, რათა სამიზნეზე ინფორმაცია მოეგროვებინათ და თავდასხმა დაეგეგმათ.

როგორც ისრაელის მედია წერს, ამ პატარა ჯგუფზე პასუხისმგებლობა 2011 წლიდან ყუდსის ძალების თანამშრომელს, მოჰამად რეზა ებადი არაბლუს ეკისრება, ხოლო მეთაური არის ალი ფეიზიპური, რომელიც, მედიისვე თქმით, მსოფლიოში ირანის ტერორისტულ გეგმებში მონაწილეობდა.

"ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ქართულ მიწაზე ირანის ბრძანებებით ტერორისტული თავდასხმის მცდელობის შესახებ ცნობილი გახდა". – ამბობს The Times of Israel-ის ანონიმური წყარო. 

აქამდე, ებრაელ ბიზნესმენებზე თავდასხმის მცდელობები, რაშიც ისრაელი ირანს ადანაშაულებდა, ჯერ 2021 წლის ოქტომბერში, კვიპროსზე აღკვეთეს, შემდეგ კი ამ წლის ივნისში, თურქეთში.

ისრაელის მედია აღნიშნავს, რომ 2012 წელს საქართველოს უსაფრთხოების ძალებმა თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანაში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა უვნებელყვეს.

იციკ მოშე 1959 წელს საქართველოში დაიბადა. 1971-ში ის მშობლებთან ერთად ისრაელში გადავიდა. მოშე არის აღმოსავლეთ ევროპაში ისრაელის საზოგადოებრივ დიპლომატიაზე ორიენტირებული ისრაელის სახლის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. წარსულში ის რუსეთში ებრაული სააგენტოს მაღალი რანგის წარმომადგენელი იყო.

ყუდსის ძალები ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის 5 შტოდან ერთ-ერთია, რომელიც ძირითადად კონცენტრირდება სადაზვერვო საქმიანობასა და მოწინააღმდეგეებთან ბრძოლის არაკონვენციურ მეთოდებზე.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა.

უწყებამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები დააკავა. ასევე, იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორის დადგენილია მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქის და სხვა მონაწილე პირების ვინაობები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

"გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში გამოიგზავნა ამ ჯგუფში ჩართული პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობა. საქართველოში ჩამოსვლამდე პაკისტანის მოქალაქეს ჩაუტარდა საჭირო ინსტრუქტაჟი და მიეწოდა ინფორმაცია მკვლელობის ობიექტზე. მოგვიანებით, ხსენებული პირი მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მას დახვდა დაქირავებული ბინა და გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები". – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პაკისტანის მოქალაქე მკაცრად იცავდა კონსპირაციის წესებს და ფარულად შეისწავლიდა მკვლელობის ობიექტისა და მისი გადაადგილების მარშრუტებს, მუდმივ კონსპირაციულ კავშირზე იმყოფებოდა უცხოეთში მყოფ შემკვეთთან და იღებდა მისგან მითითებებს, თანხას.

დამატებით დადგინდა, რომ მკვლელობის შემსრულებლისთვის იარაღის ფარულად მიწოდების მიზნით დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქმეში ჩართო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფი.

"კვალის დასაფარად პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შორის პირდაპირი შეხვედრები არ ხორციელდებოდა და ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გადაცემა ხდებოდა ქალაქში მოწყობილი სამალავების გამოყენებით, რა დროსაც ორივე ჯგუფის მუშაობის კოორდინაცია უცხოეთიდან ხორციელდებოდა". – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების ჩხრეკების შედეგად ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე, კონსპირაციული ტელეფონები, რომლებშიც აღმოჩენილია როგორც მკვლელობის მომზადებისა და სამალავების ადგილმდებარეობის ამსახველი ინფორმაცია, ასევე სხვა მამხილებელი მტკიცებულებები.

კომენტარები