იციკ მოშე

მოშე: მადლობელი ვარ ქართული მხარის, ჩემს წინააღმდეგ საშინელი ტერორისტული აქტი აღკვეთეს

ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე ადასტურებს, რომ საქართველოში მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა. მოშე მისი მკვლელობის მცდელობის აღკვეთისთვის ქართველ სამართალდამცავებს მადლობას უხდის. 

"ვარ უფრო დაცული, ვიდრე ვიყავი წინა კვირას. მე ძალიან მადლობელი ვარ ქართული მხარის, ვინაიდან ეს საშინელი ტერორისტული აქტი აღკვეთეს ჩემს წინააღმდეგ. მე არ მიგრძვნია ეს ყველაფერი, თორემ შევატყობინებდი, როგორც ქართულ მხარეს, ასევე ისრაელის მხარეს. გუშინდელ დღემდე არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ".- ამბობს იციკ მოშე რუსთავი 2-თან.

მოტივებზე საუბრისას, მოშე აღნიშნავს, რომ "მტერს ძალიან ბევრი მიზეზი არ სჭირდება", მსოფლიოში ანტისემიტიზმი მატულობს და ამიტომ, ყველა ებრაელი ქვეყნის გარეთ საფრთხის ქვეშ იმყოფება. 

15 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ირანი-საქართველოსა და პაკისტანის მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა.

The Times of Israel-მა ისრაელის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ მოშეს ლიკვიდაცია საქართველოში ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ყუდსის ძალებს სურდათ.  ისრაელის მედიის ანონიმური წყაროს ცნობით, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ირანის ძალებმა მოშეს მკვლელობა სცადეს.

The Times of Israel-ი წერს, რომ მოშეს მკვლელობას ირანის ყუდსის ძალები რამდენიმე ქვეყნიდან გეგმავდნენ და ირანის ხელმძღვანელობით, საქართველოში გაემართა ალ-კაიდასთან კავშირში მყოფი პაკისტანური ჯგუფი, რათა სამიზნეზე ინფორმაცია მოეგროვებინათ და თავდასხმა დაეგეგმათ.

დაკავებული პირები დუმილის უფლებას იყენებენ. მათი ადვოკატი, მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი არ აქვთ და არც იციკ მოშეს იცნობენ. 


იციკ მოშე 1959 წელს საქართველოში დაიბადა. 1971-ში ის მშობლებთან ერთად ისრაელში გადავიდა. მოშე არის აღმოსავლეთ ევროპაში ისრაელის საზოგადოებრივ დიპლომატიაზე ორიენტირებული ისრაელის სახლის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. წარსულში ის რუსეთში ებრაული სააგენტოს მაღალი რანგის წარმომადგენელი იყო.

ყუდსის ძალები ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის 5 შტოდან ერთ-ერთია, რომელიც ძირითადად კონცენტრირდება სადაზვერვო საქმიანობასა და მოწინააღმდეგეებთან ბრძოლის არაკონვენციურ მეთოდებზე.

 

კომენტარები