კახა კალაძე

თუ არ გადაიხდიან, მიკროფონები წამოვიღოთ, ახალ წელს გვჭირდება – გლდანის მაჟორიტარი TV პირველზე

ზარნაძე, კალაძე

"Kakha Kaladze თუ არ გადაიხდიან მიკროფონები და დინამიკები წამოვიღოთ, გლდანში საახალწლოდ გვჭირდება" - ამ ტექსტით გააზიარა გლდანის რაიონში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ თბილისის მერის, კახა კალაძის FB-პოსტი TV პირველთან დავაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ტელეკომპანია პირველს დააკისრა, კახა კალაძეს 15 000 ლარი გადაუხადოს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. ასევე, ტელეკომპანიამ უნდა უარყოს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისის მერმა ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო. თავად თბილისის მერი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარს ითხოვდა. 

სარჩელი ეხებოდა 2022 წლის 5 ივლისს მაია მამულაშვილის მიერ საავტორო გადაცემა დღის ამბებში მტკიცებით ფორმაში გავრცელებულ ცნობას, რომ კახა კალაძემ 60 მილიონი "ჩაიდო ჯიბეში" ტენდერებიდან და კორუფციული გზით.

მაია მამულაშვილის შეფასებით, კახა კალაძის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის მიზანი იყო, რომ მას და ტელეკომპანიას ფინანსური ზიანი მიადგეთ. მისივე სიტყვებით, 60 მილიონზე ნათქვამი წინადადება მაყურებლისთვის მის მიერ არ ყოფილა მიწოდებული, როგორც ფაქტი და ის საჯარო სივრცეში, მათ შორის, ოპოზიციონერების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეყრდნობოდა. 

თბილისის მერის თქმით, ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და "საჯარო უარყოფას მათ მიერ გავრცელებული ტყუილის". კახა კალაძე წერს, რომ სურს, ბოლო პრეცედენტი იყოს, თუმცა, მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ TV პირველთან სხვა დროს აღარ მოუწევს სასამართლოში შეხვედრა.

"მსგავსი საჩივრით სასამართლო პროცესის მოგება საერთოდ არ მიმაჩნია ვინმეს გამარჯვებად. რეალურად, გაცილებით მძიმე ფაქტი დგას ამ ყველაფრის უკან. მხედველობაში მაქვს ფეიკნიუსები, ცილისწამების შემცველი განცხადებები, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ე.წ. კრიტიკული მედიის მასაზრდოებელია.

ვინმე იტყვის, რა მოხდა, არ მოგწონს და არ გადართო ამ არხზე, მაგრამ არაა ეს სწორი მიდგომა. თუ გვინდა შევდგეთ პასუხისმგებლიან საზოგადოებად, არ უნდა მივცეთ არავის უფლება, ნორმად აქციოს ტყუილი, შანტაჟი და დეზინფორმაციის გავრცელება" - წერს კალაძე.

TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, სასამართლოს მიერ თბილისის მერის, კახა კალაძის საჩივრის საფუძველზე დაკისრებულ თანხას ტელეკომპანია ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ინკასო ადევს. მელაძის ვარაუდით, აღსრულების ბიურო ტელევიზიის ან ტელეწამყვან მაია მამულაშვილის პირად ქონების დააყადაღებს.

კომენტარები