ირანი

CNN: ირანის ხელისუფლება ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების ოჯახებს წამებით დაემუქრა

ირანის ხელისუფლება ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების ოჯახებს პატიმრობით და წამებით დაემუქრა. ინფორმაციას CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მუქარის ირანის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მიერ ინგლისის მატჩის დაწყებისას გამოხატულ პროტესტს მოჰყვა. ფეხბურთელებმა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე უარი თქვეს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელების ოჯახის წევრები გააფრთხილეს, თუ მსგავსი შემთხვევა უელსთან მატჩის დასაწყისშიც განმეორდებოდა ისინი "ძალადობისა და წამების" პირისპირ აღმოჩნდებოდნენ. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ფეხბურთელებმა უელსთან მატჩის გახსნისას ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

ამასთან, წყაროს თქმით, კატარში ირანის უსაფრთხოების სამსახურის ათობით ოფიცერია ჩასული, რომლებიც ფეხბურთელების მოედნის მიღმა აქტივობებს აკვირდებიან. ფეხბურთელებს ეკრძალებათ ეროვნულ ნაკრებთან კავშირში არ მყოფ პირებთან შეხვედრა, უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობა.

როგორც წყარო აღნიშნავს, ფეხბურთელების ოჯახის წევრების მიმართ მუქარის შემდეგ, ნაკრების მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი კარლუშ კეიროში ირანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს პირადად შეხვდა, თუმცა, მათი საუბრის დეტალები უცნობია.

მისივე თქმით, ინგლისთან თამაშის წინ ფეხბურთელებს ირანის ხელისუფლება საჩუქრებსა და ავტომობილებს პირდებოდნენ, თუმცა, ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმის შემდეგ, დაპირება მუქარით შეიცვალა.

კომენტარები