სირია

თურქეთთან დაძაბულობის ფონზე, ქურთების გენერალს სირიაში რუსეთის არმიის მეთაური შეხვდა

მაზლუმ აბდი, სირიის დემოკრატიული ძალების გენერალი
AP Photo/Baderkhan Ahmad

სირიაში რუსული ძალების მეთაური, ქვეყნის ჩრდილოეთში თურქეთის შესაძლო ახალი შემოჭრის საფრთხის ფონზე, სირიელი ქურთების გენერალს შეხვდა.

ქურთული ჯგუფის, სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) სპიკერმა, სიამანდ ალიმ The Associated Press-თან დაადასტურა, რომ სირიაში რუსეთის არმიის გენერალი, ალექსანდრ ჩაიკო 27 ნოემბერს ქურთ გენერალს, მაზლუმ აბდის შეხვდა. სპიკერის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია თუ რას ეხებოდა სასაუბრო თემა.

ჩაიკოსა და აბდის შეხვედრას ერთი დღით ადრე უსწრებდა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირობა, რომ ჩრდილოეთ სირიაში შეიჭრებოდა და მისი სამიზნე ქურთების ჯგუფები იქნებოდა. ამას წინ უძღოდა თურქეთში მომხდარი აფეთქებები, რომლებშიც ანკარამ ქურთული დაჯგუფებები დაადანაშაულა.

სტამბოლში მომხდარი აფეთქებების პასუხად, ბოლო კვირებში თურქეთმა ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში, სავარაუდოდ, დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო იერიშები მიიტანა. ქურთული ჯგუფები აფეთქებებზე პასუხისმგებლობას უარყოფენ და ამბობენ, რომ თურქეთის იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლიბანში დაფუძნებული არაბული ტელეარხის, ალ-მაიადინის ცნობით, ჩაიკომ აბდისთან ჩრდილოეთ საზღვარზე დაძაბულობის საკითხები და თურქეთის შემოჭრის არიდების შესაძლებლობები განიხილა. მაუწყებლობის ინფორმაციით, ჩაიკომ ქურთებს თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში სირიის სამთავრობო ძალების ჩაყენება შესთავაზა.

SDF-ის ერთ-ერთი სპიკერის, არამ ჰანნას თქმით, 28 ნოემბერს რუსეთმა მათ თურქული მხარის შემოთავაზება მიაწოდა. ჰანნამ აღნიშნა, რომ, "თურქი ოკუპანტების მოთხოვნებს" არ მიიღებენ.

SDF-ს გასულ წლებში მხარს უჭერდა ვაშინგტონი, სანაცვლოდ, ქურთები აშშ-ს ისლამური სახელმწიფოს (ISIS) ტერორისტებთან ბრძოლაში ეხმარებოდა. თურქეთს SDF-ი ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.

კომენტარები