რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: განვიხილავთ უკრაინის, საქართველოსა და სხვა პარტნიორების გაძლიერების საკითხს

Olivier Matthys/AP

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი უკრაინის, საქართველოსა და სხვა პარტნიორების გაძლიერების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა რუმინეთის პრეზიდენტთან ერთად პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია NATO-სთვის. 

"დღევანდელ შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება განვიხილეთ, რომელსაც მთლიანად NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ასევე, განვიხილეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის შედეგად შექმნილი გამოწვევები.

რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, NATO გაძლიერდება შავ ზღვამდე. ჩვენ შევქმენით ახალი დანაყოფები, მათ შორის საფრანგეთის ხელმძღვანელობით აქ, რუმინეთში. ასევე, კანადა გვეხმარება თავისი ავიაგამანადგურებლებით, ხოლო აშშ - Patriot-ის რაკეტებით. ეს მკაფიო გზავნილია იმისა, რომ NATO აქ არის. მოკავშირეების დასაცავად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.

ბუქარესტში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ უკრაინის დახმარების გაძლიერების გზებს, ისევე როგორც სხვა პარტნიორების, რომლებიც რუსეთისგან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა". - თქვა სტოლტენბერგმა. 

კომენტარები