სპეციალური საგამოძიებო სამსახური

შსს-ს ინსპექტორმა მეგობარი ქალის ინტიმური ფოტო მის ქმარს გაუგზავნა – საგამოძიებო

Arun Sankar/Agence France-Presse — Getty Images

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის ფაქტებზე ოთხი სამართალდამცველის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

1. დანაშაულში მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი გ.ლ., რომელმაც მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალბატონს პირადი ცხოვრების საიდუმლო გაუვრცელა. კერძოდ, 2022 წლის მარტის თვეში, მეგობარ ქალთან ურთიერთობის გაწყვეტით გაბრაზებულმა  გ.ლ-მ, შურისძიების მიზნით მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალის მეუღლეს, სოც. ქსელის მესენჯერის საშუალებით ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათი გაუგზავნა და მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა. აღნიშნული  ქმედების შედეგად, დაზარალებულს მორალური სახის ზიანი მიადგა.

დაზარალებული ქალის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით.

2. დანაშაულში მხილებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ზ.მ., რომელმაც 2022 წლის 17 ნოემბერს, ყოფით ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულმა, განხორციელებული ძალადობის შედეგად   ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. დაზარალებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის,126' მუხლით და 11'- 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მხილებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ინსპექტორი.

2022 წლის ნოემბრის თვეში, სხვადასხვა დროს, ქალაქ ბათუმში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში,  პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს  უფროსმა ინსპექტორმა თ.შ.-მ, რომელსაც ევალებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების სამსახურებრივი მოვალეობის სათანადოდ შესრულების ორგანიზება და კონტროლი, სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და დისციპლინის დარღვევისთვის 4 წვევამდელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება გამოიყენა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით წერილობითი წინადადებებით  პროკურორს მიმართა, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურის მხრიდან დანაშაულში მხილებული ინსპექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

4. დანაშაულში მხილებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ესკორტის უფროსი ოფიცერი დ.დ. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მან 2022 წლის 20 აგვისტოს, თბილისში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც განთავსებულნი იყვნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები, არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქციები. 

დ.დ-მ ცვლის გადაბარება უსაფრთხოდ ვერ უზრუნველყო და პატიმრები დაუდევარი დამოკიდებულებით მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე დატოვა შედეგად, ჯგუფის ერთერთ წევრს, რომელიც ასევე წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი იარაღით, მიეპარა პატიმარი გ.ს და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან ამოაცალა ცეცხლსასროლი იარაღი. გ.ს-მ სამჯერ გაისროლა, ერთ-ერთი გასროლით თავის არეში დაიჭრა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცერს (ჯგუფის უფროსს) ბრალდება სამსახურებრივი გულგრილობისთვის წარუდგინა. 

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე გამოძიებას აგრძელებს" - ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის 1 მარტს ამოქმედდა. ამ დრომდე, არასათანადო მოპყრობის და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოძიების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა 23 სამართალდამცავის მიმართ არის დაწყებული.

კომენტარები