კრიმინალი

ლომჯარია: მონასტერში მომხდარის მედიისთვის გადაბრალდება უკიდურესად საშიში და არასწორია

ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველის ოფისი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ცხრამუხის მონასტერში მონაზვნის გაუპატიურებასა და მასზე ძალადობაზე საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დანაშაულის მედიის წარმომადგენლებისთვის გადაბრალება უკიდურესად საშიში და არასწორია.

"თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა.

მინდა ვუსურვო ძალადობის მსხვერპლ ქალს სწრაფი გამოჯანმრთელება! იმედი მაქვს, ამ მძიმე დროს გარშემომყოფებისგან სათანადო ემოციურ მხარდაჭერას მიიღებს". – წერს ნინო ლომჯარია.

26 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ცხრამუხის დედათა მონასტერში ძალადობასა და ძარცვასთან დაკავშირებით 2 ადამიანის დაკავებაზე ინფორმაცია გაავრცელა – პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებმაც 70 წლის მონაზონი გააუპატიურეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აზრით, ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე ძალადობა და მისი გაუპატიურება ზოგიერთი მედიისა და კრიტიკოსების მიერ ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანიის შედეგია, რომელიც "მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს".

კომენტარები