მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა

ჩერგოლეიშვილი: ღალატია, თუ სააკაშვილის გაშვების სანაცვლოდ ივანიშვილთან წინააღმდეგობას ხსნი

თამარ ჩერგოლეიშვილი
ტაბულა

"მე ივანიშვილთან განსხვავებები გამიქრება სააკაშვილს თუ გამოუშვებენ? ეს ხომ მოღალატეობაა ქვეყნის, ეს ხომ ღალატია?" - ასე უპასუხა ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პალიტრანიუსის წამყვანის კითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში "დეპოლარიზაციას" ეხებოდა. იქამდე, ჟურნალისტმა იკითხა, ხომ არ გაცვლიან სააკაშვილის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსში, რაზეც ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ არ ჰგონია, "ერთ პოლიტიკურ პატიმარში გაცვალოს ვინმემ ევროპული სტრუქტურებიდან სტატუსი, საჭიროა ფუნდამენტური რეფორმა, რადგან სააკაშვილს რომ გამოუშვებ, ხვალ სხვას დაუჭერს, სანამ ივანიშვილი არ ამოიძირკვება, დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება". სწორედ ამას მოჰყვა გადაცემის წამყვანის კითხვა, სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში დეპოლარიზაცია რამდენად მოხდება.

"ეგრე ანწუხელიძესაც გაუშვებდნენ, მიწისთვის რომ ეკოცნა. გმირებზე რამე ხომ წაგვიკითხავს, საზოგადო მოღვაწეებზე, ამ ქვეყანას ძალიან ბევრი გმირი ჰყავს. ის, რომ სააკაშვილს თუ გამოუშვებენ, მე ბიძინა ივანიშვილთან, პრორუსულ რეჟიმთან წინააღმდეგობა არ მექნება და დეპოლარიზაცია მოხდება, ეს ხომ აბსურდია? წინააღმდეგობა ყოველთვის მექნება და დეპოლარიზაცია ამ გზით ვერ მოხდება" - ამბობს ჩერგოლეიშვილი, რაზეც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ "თქვენ გექნებათ, მაგრამ თქვენ არ ხართ ნაციონალური მოძრაობა და მიშა სააკაშვილი".

"თუ ნაციონალური მოძრაობა მაგაზე დგას და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს როგორც ოპოზიციური პარტია მიშას გათავისუფლების შემთხვევაში, ამით ყველაფერი გამოჩნდება, რომ ისინი რეალურად ბიძინას კი არ ებრძოდნენ, მიშას ძალაუფლებაში მოსასვლელად იბრძოდნენ და რომ ვერ მოხდა ეს ყველაფერი, მერე დაიშალნენ, ეს იქნება. ეს ხომ სირცხვილია? ეროვნული სირცხვილია ამის თქმა, რომ მიშა გამოუშვი და მე შენთან აღარ მექნება პრობლემები. 

ანუ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის ამ ქვეყნის მოღალატე რეჟიმი, რომელიც ჩვენს ისტორიულ მისიას ანგრევს, ანგრევს უსაფრთხოებას და თავისუფლებას, 90-იან წლებში გვაბრუნებს, დასავლეთთან იზოლაციას გვიკეთებს, გვტოვებს რუსეთთან პირისპირ და ეს კაცი ამას ამბობდა, სომხეთს ასახელებდა 2013 წელს [მისაბაძ მაგალითად], უბრალოდ, როცა წინასწარი განწყობა გაქვს ისეთი, რომ რაღაცა კარგი ქენი და ხმა მიეცი, არ გინდა დაიჯერო, რომ ჯოჯოხეთური რეჟიმი მოიყვანე. ამიტომ, როცა ეს კაცი 2013 წელს ბუტბუტებდა, სომხეთია ჩემთვის მისაბაძი მაგალითიო, ყურს არავინ იბერტყავდა და დღეს მოვედით ამ სიტუაციაში" - თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის შველის გარანტირებული გზა არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. თამარ ჩერგოლეიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასმულ კითხვაზე თქვა, რომ ეს ნდობისგან დაცლილი პროცესია.

“რაც სააკაშვილი ციხეშია, მას შემდეგ გვესმის, რომ კვდება და სიტყვებს აქვს მნიშვნელობა. ის იგავები და ხალხური სიბრძნეები იმიტომ არსებობს, რომ დროში გამოიცადა, არ შეიძლება ამდენჯერ “ვკვდების” ძახილი, იმიტომ, რომ მერე არავინ დაგიჯერებს” - თქვა მან.

გადაცემის წამყვანმა ექსპრეზიდენტის იურისტების ნათქვამი მოიყვანა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან გამხდარია.  

“ რისი გაკეთება შემიძლია? ჩვენს ხელში რა არის? მე არ მინდოდა, რომ ანწუხელიძე იმ ღორებს მოეკლათ და ამ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო, მაგრამ მე ხომ ვერაფერი ვერ ვქენი? ანწუხელიძემ ქნა ის, რასაც საჭიროდ მიიჩნევდა და დღეს არის ამ ქვეყნის გმირი, ანუ მე ვერაფერი ვერ ვქენი. ადამიანებმა თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, როგორ ცუდადაც არ უნდა იყოს სააკაშვილი, მისი ბედი დღეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელში და ბიძინა ივანიშვილი რას იზამს, მე ამაზე იმედებს ვერ ავაწყობ” - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილზე გავლენის მოხდენაზე დასმულ კითხვას, VES-ის დირექტორმა გაიხსენა, რომ ივანიშვილზე გავლენა ხდება მაშინ, როცა ის პოლიტიკურ პატიმარს რაღაცაში ცვლის.

“ქვეყანაში კრიზისი მაინც უნდა იყოს შექმნილი, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებას რამე უნდა ემუქრებოდეს, რომ იმან მერე დასავლეთის წნეხის ქვეშ სააკაშვილი გამოუშვას, როდის თავისუფლდებოდნენ პოლიტიკური პატიმრები ამ ქვეყანაში? რამდენჯერმე იყო ასეთი ქეისი, ერთი იყო 8 მარტის შეთნხმება, გიგა ბოკერია რაშიც იყო ჩართული, როდესაც 4 პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლებულიყო და 3 გათავისუფლდა. უგულავა-ოქრუაშვილი რატომ გათავისუფლდა? იმიტომ, რომ წნეხი იყო ქუჩაში, წნეხი იყო დასავლეთისგანაც, დღეს ეს არ არსებობს, ბიძინა ივანიშვილისთვის კრიზისი არავის შეუქნია კი არა, სააკაშვილის პარტია საპარლამენტო კრიზისსაც ვერ უქმნის, სააკაშვილის თანხმობით სიაში ჩაწერილი ხალხი დღეს ვერ გამოჰყავთ პარლამენტიდან იმისთვის, რომ ივანიშვილს კრიზისი შეუქმნან და მოუნდეს რაღაც ნაბიჯების გადადგმა და დათმობაზე წასვლა. შენ თუ კრიზისი სხვანაირად არ შექმენი, ვერ გააშვებინებ პოლიტიკურ პატიმარს და მარტო სააკაშვილზე თემის აწყობა რასაც იწვევს, ხედავთ, ორასი კაცი იდგა კანცელარიასთან” - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

კომენტარები