დეოლიგარქიზაცია

დეგნანი: უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიიდან გაიწვია

US Embassy Tbilisi, Georgia / Facebook

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, უკრაინამ დეოლიგარქიზაციის შესახებ მიღებული კანონი ვენეციის კომისიიდან გაიწვია. ქვეყანა კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას ნახევარ წელზე მეტი ელოდებოდა.

"ვფიქრობ, გარკვეული დაბნეულობა არსებობს, რადგან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში შეიმუშავეს, ვენეციის კომისიიდან გაიწვიეს. შესაბამისად, ამჟამად არ არსებობს ვენეციის კომისიაში ამ კანონზე მოსაზრების მოთხოვნა არც საქართველოდან და არც უკრაინიდან. ეს ახალი საკანონმდებლო სფეროა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებმა განიხილონ კანონპროექტი, სანამ მას დაამტკიცებენ. როგორც ვთქვი, ეს არის კანონის ძალიან კომპლექსური და მნიშვნელოვანი ნაწილი და ევროპის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის დეოლიგარქიზაციის კანონის დამტკიცებამდე". – თქვა დეგნანმა.

დეგნანმა ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის რჩევას, რომელმაც 21 ნოემბერს ხელისუფლებას მოუწოდა, მოითხოვონ და შეასრულონ ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ.

ქართული ოცნების ლიდერებისა და კანონპროექტის სხვა ინიციატორების თქმით, დეოლიგარქიზაციის ქართული კანონის "ობიექტურ საზომად" უკრაინული მოდელი აიღეს, რადგან, მათი თქმით, ევროკავშირის მოწოდება სწორედ ამ ფორმას მიემართებოდა და მსგავსი საკანონმდებლო რეგულაციაც მხოლოდ უკრაინაში გვხვდება. სწორედ ამ მიზეზით, კანონპროექტის ინიციატორებმა ის შესაფასებლად ვენეციის კომისიას არ გადაუგზავნეს. მათი თქმით, ქართულ-უკრაინული კანონების მსგავსებიდან გამომდინარე, ისინიც უკრაინული კანონის შესახებ დასკვნას ელოდებოდნენ, რადგან მის "პირდაპირპროპორციულ გამოყენებას" თავადაც შეძლებდნენ.

2022 წლის ზაფხულში ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის არმინიჭების შემდეგ ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების 12 პირობას შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა. ევროკავშირის რეკომენდაციის შესასრულებლად ქართულმა ოცნებამ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება გადაწყვიტა, თუმცა ჯერ კიდევ პროცესის დაწყებამდე მმართველი პარტიის წევრები ღიად ამბობდნენ, რომ ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის კანონი არ გავრცელდებოდა. ოპოზიცია დეოლიგაქრიზაციის კანონის მთავარ და ერთადერთ ობიექტად ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებდა, ხოლო მმართველი პარტია მას "ოპოზიციისთვის საკუთარ ფეხში ნასროლ ტყვიად" მოიხსენიებდა. 16 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტის არსებული რედაქცია მეორე მოსმენით უკვე მიიღო.

ვრცლად კანონპროექტზე: დეოლიგარქიზაციის კანონი იმ ერთადერთის გარეშე

კომენტარები