საქართველო-ევროკავშირი

გაფართოების პოლიტიკის დოკუმენტში EU საქართველო-უკრაინა-მოლდოვას რეფორმებისკენ მოუწოდებს

Reuters

ევროპარლამენტარები გაფართოების პოლიტიკის გაძლიერების შესახებ ახალ დოკუმენტში მოუწოდებენ ევროკავშირს, შეცვალოს სტატუს-კვო და განაახლოს გაფართოების პროცესი როგორც წევრ, ისე აპლიკანტ ქვეყნებში. 

დოკუმენტში საუბარია საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზეც. ევროპარლამენტი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ.

"ევროპარლამენტის წევრები მიესალმებიან ევროპული საბჭოს განსაკუთრებულად სწრაფ გადაწყვეტილებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ – ამ სამ ქვეყანას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ". – ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპარლამენტარების დოკუმენტს ასევე თავდართული აქვს სამი ძირითადი მოწოდება: 

  • ევროკავშირისთვის გაფართოებას ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს;
  • საჭიროა გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმირება – ახალი წევრების მიღება ერთსულოვანის ნაცვლად კვალიფიციური უმრავლესობით;
  • გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.

დოკუმენტში ასევე მიმოხილულია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნების საჭიროებები და მათთან ურთიერთობის გაღრმავების გზები.

2022 წლის ზაფხულში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს 2023 წლიდან წარადგენს.

კომენტარები