დეოლიგარქიზაცია

დეგნანი: დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნის მოთხოვნა მნიშვნელოვანი რჩევაა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნის მოთხოვნა მნიშვნელოვანი რჩევაა, რადგან ახალი საკანონმდებლო სფეროა და ხელისუფლებისთვის სასარგებლო იქნება.

"რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი რჩევაა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, რომელიც მუშაობს საქართველოსთან ერთად ამ რეკომენდაციის შესრულებაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა.

ვფიქრობ, გარკვეული დაბნეულობა არსებობს, რადგან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში შეიმუშავეს, ვენეციის კომისიიდან გაიწვიეს. შესაბამისად, ამჟამად არ არსებობს ვენეციის კომისიაში ამ კანონზე მოსაზრების მოთხოვნა არც საქართველოდან და არც უკრაინიდან. ეს ახალი საკანონმდებლო სფეროა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებმა განიხილონ კანონპროექტი, სანამ მას დაამტკიცებენ. როგორც ვთქვი, ეს არის კანონის ძალიან კომპლექსური და მნიშვნელოვანი ნაწილი და ევროპის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის დეოლიგარქიზაციის კანონის დამტკიცებამდე". – თქვა დეგნანმა.

2022 წლის ზაფხულში ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის არმინიჭების შემდეგ ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების 12 პირობას შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა. ევროკავშირის რეკომენდაციის შესასრულებლად ქართულმა ოცნებამ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება გადაწყვიტა, თუმცა ჯერ კიდევ პროცესის დაწყებამდე მმართველი პარტიის წევრები ღიად ამბობდნენ, რომ ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის კანონი არ გავრცელდებოდა. ოპოზიცია დეოლიგაქრიზაციის კანონის მთავარ და ერთადერთ ობიექტად ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებდა, ხოლო მმართველი პარტია მას "ოპოზიციისთვის საკუთარ ფეხში ნასროლ ტყვიად" მოიხსენიებდა.

ვრცლად კანონპროექტზე: დეოლიგარქიზაციის კანონი იმ ერთადერთის გარეშე

ქართული ოცნების ლიდერებისა და კანონპროექტის სხვა ინიციატორების თქმით, დეოლიგარქიზაციის ქართული კანონის "ობიექტურ საზომად" უკრაინული მოდელი აიღეს, რადგან, მათი თქმით, ევროკავშირის მოწოდება სწორედ ამ ფორმას მიემართებოდა და მსგავსი საკანონმდებლო რეგულაციაც მხოლოდ უკრაინაში გვხვდება. სწორედ ამ მიზეზით, კანონპროექტის ინიციატორებმა ის შესაფასებლად ვენეციის კომისიას არ გადაუგზავნეს. მათი თქმით, ქართულ-უკრაინული კანონების მსგავსებიდან გამომდინარე, ისინიც უკრაინული კანონის შესახებ დასკვნას ელოდებიან, რადგან მის "პირდაპირპროპორციულ გამოყენებას" თავადაც შეძლებენ. 

21 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხელისუფლებას მოუწოდა, მოითხოვონ და შეასრულონ ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ. 16 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტის არსებული რედაქცია მეორე მოსმენით უკვე მიიღო.

კომენტარები