ევროპული საქართველო

ევროპელები შშმ ბავშვების პროგრამისთვის სატრანსპორტო ხარჯების გათვალისწინებას მოითხოვენ

ევროპული საქართველო ყველა მუნიციპალიტეტს, მერიასა და საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტში შშმ ბავშვებისთვის არსებული რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამისთვის სატრანსპორტო ხარჯების გათვალისწინების მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრებმა, ბესიკ დონაძემ და ნინო ორდენიძემ გააკეთეს.

„მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალიტეტებში 2023 წლის ბიუჯეტის დამუშავებისა და მიღების პროცედურები დაიწყო. შესაბამისად, მივმართავთ ყველა მუნიციპალიტეტს, მერიას, ასევე საკრებულოს, რომ 2023 წლის ბიუჯეტში ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის თანხები გაითვალისწინონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მშობლების უდიდესი ნაწილის პრობლემას წარმოადგენს. განსაკუთრებით კი რეგიონებში, რადგან ეს პროგრამა არ არსებობს და უმეტესად მშობლებს უწევთ ბავშვების ტარება. დიდ ქალაქებში პროგრამის დამტკიცებისას გაითვალისწინონ მგზავრობის ხარჯები. ძალიან ბევრი ბავშვია, რომელიც პროგრამის მიღმა რჩება და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თერაპიას უსახსრობის გამო ვერ გადის. მათ საშუალება არ გააჩნიათ, რომ თავისით უზრუნველყონ ტრანსპორტი. ამიტომ, მოგმართავთ, ამ წლის ბიუჯეტში ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემა გაითვალისწინოთ. რეგიონებში სავალალო მდგომარეობაა. ჩვენ უამრავი მშობელი გვიკავშირდება და თხოვნით მოგვმართავს. ძალიან ბევრ მათგანს პირადად შევხვდით და მდგომარეობა საგანგაშოა. მაშინ როცა ამ ბავშვების განვითარება პირდაპირ გადის რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამაზე". - თქვა ნინო ორდენიძემ.

ბესიკ დონაძის თქმით, პარტია ევროპული საქართველო აღნიშნული მოთხოვნით, ყველა მუნიციპალიტეტში წერილებს შეიტანს.

„რაც შეეხება თბილისს. 2017 წელს ევროპული საქართველოსა და მშობელთა საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით, მოვითხოვეთ და მერიამ დამატებითი ბიუჯეტი გამოყო იმისთვის, რათა მომლოდინეთა სიაში ასობით ბავშვი არ ყოფილიყო .ეს მაშინ ძალიან დაეხმარა და ბევრმა მათგანმა შეძლო ამ პროგრამით სარგებლობა. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ისევ ეს პრობლემა დგას დღის წესრიგში და ისევ ასობით და მეტი ბავშვია დარჩენილი პროგრამის მიღმა და ელოდება თავის რიგს. ეს ბავშვები ოქროს დროს კარგავენ. მათი განვითარება და პროგრესი პირდაპირ კავშირშია ამ თერაპიასთან. ეს პრობლემა უმნიშვნელოვანესია და ვითხოვთ, რომ ამ წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები გათვალისწინებული იყოს. ჩვენ ასევე, ამ მოთხოვნით ყველა მუნიციპალიტეტში შევიტანთ წერილებს და  თქვენგან ველოდებით ,რომ ამ ბავშვების პრობლემები გათვალისწინებული იქნება“ -  ამბობს ბესიკ დონაძე.

კომენტარები