ოსკარი 2023

ფილმები, რომლებსაც ოსკარს უწინასწარმეტყველებენ

Befunky

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებამდე 4 თვე რჩება, მიუხედავად ამისა, ოსკარების ციებ-ცხელება უკვე დაიწყო და ჰოლივუდურმა პრესამ რამდენიმე ფავორიტი დაასახელა.

She Said

ფილმს საფუძვლად უდევს გამოცემა New York Times-ის გამოძიება. მთავარი გმირები, ჟურნალისტები ჯოდი კენტორი და მეგან ტუოჰი ჰარვი ვაინშტაინის სექსუალურ დანაშაულებებს იძიებენ. მთავარ გმირებს ახალ სურათში კერი მალიგანი და ზოი კაზანი ასახიერებენ. She Said არის პრაქტიკულად პირველი მხატვრული ფილმი MeToo კამპანიის შესახებ. სურათში საკუთარ თავს თამაშობს ეშლი ჯადი, რომელიც ვაინშტაინის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო. თემატიკიდან გამომდინარე ჰოლივუდის გამოცემები ფილმს ოსკარის არაერთ ნომინაციას უწინასწარმეტყველებენ. She Said საქართველოს კინოთეატრებში 17 ნოემბერს გამოვიდა.

The Whale

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დარენ არონოფსკი ახალი ფილმით ბრუნდება, ხოლო გაცილებით დიდი პაუზის შემდეგ დიდ კინოში ბრუნდება მუმიის ვარსკვლავი ბრენდან ფრეიზერი. კრიტიკოსებმა ფრეიზერის თამაშს მაღალი შეფასებები მისცეს, ბლოკბასტერების ყოფილმა ვარსკვლავმა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოც მიიღო. ფრეიზერს ოსკარის ნომინაციას გამოცემები Variety და Deadline უწინასწარმეტყველებენ. The Whale საქართველოს კინოთეატრებში მიმდინარე წლის 9 დეკემბერს გამოვა.

Wakanda Forever

ბოლო წლების ტენდენციების გათვალისწინებით საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ერთი ბლოკბასტერისთვისაც არის ადგილი. Wakanda Forever შავი პანტერის გაგრძელებაა, რომელმაც 2019 წელს 7 ნომინაცია და ორი ოსკარი მიიღო. სუპერგმირული ფილმი რეალურად საზოგადოების მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბრობს და ამავდროულად არის გამომშვიდობება ნაადრევად გარდაცვლილი ჩედვიკ ბოუზმენთან. სურათმა კრიტიკოსების უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა და ამერიკის კინოაკადემიისგან რამდენიმე ნომინაციას ნამდვილად მიიღებს. Wakanda Forever-ის ნახვა საქართველოს კინოთეტრებში უკვე შესაძლებელია.

Avatar 2 

ოსკარის არაერთ ნომინაციას მიიღებს ასევე ჯეიმს კამერონის ბლოკბასტერი. პირველმა ნაწილმა 9 ნომინაცია მიიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ავატარის მეორე ნაწილი ვიზუალური ეფექტების კატეგორიის მთავარი პრეტენდენტი იქნება. მეორე ავატარის პრემიერა 16 დეკემბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები