რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მონასტირსკი: ამ დროისთვის, ხერსონში ნაპოვნია 63 ნაწამები ცხედარი

ახლად გათავისუფლებულ ხერსონის რეგიონში 60-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ნაწამები ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დენის მონასტირსკიმ გადაცემა Єдині новини-ში ისაუბრა.

მონასტირსკის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს საფლავებიდან დაღუპულთა ექსკუმაცია. მან დააზუსტა, რომ ამ დრომდე, ხერსონის ტერიტორიაზე ნაპოვნია 63 ცხედარი, თუმცა სამძებრო სამუშაოები მხოლოდ ახლახანს დაიწყო.

"გვესმის, რომ რუსი ორკების თვეებით ყოფნას დასახლებული პუნქტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გვერდი არ აუვლია, ამიტომ, წამებისა და ამ დანაშაულების მსხვერპლთა უფრო მეტი დამარხვის ადგილი იქნება აღმოჩენილი". – თქვა მონასტირსკიმ.

14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტი ქალაქ ხერსონში ჩავიდა

მანამდე, ზელენსკიმ თქვა, რომ გათავისუფლებულ ხერსონში რუსეთის მიერ ჩადენილი 400-ზე მეტი ომის დანაშაული დაფიქსირდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხერსონის რეგიონში ნაპოვნია სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ცხედრები.

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის შეთავაზების შემდეგ, ქალაქი ხერსონიდან და ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გამოყვანის ბრძანება გასცა

11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა დაასრულეს. ამავე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ ხერსონში შევიდნენ და ოლქში გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლი აღადგინეს.

ოკუპირებული ხერსონის ე.წ. რეგიონის ადმინისტრაციის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი გასულ კვირაში ამბობდა, რომ მათი სამხედროები, შესაძლოა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ სტრემოუსოვი 9 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ოკუპირებული ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ მოსახლეობის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ევაკუაცია დაიწყო. 18 ოქტომბერს საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაურმა, ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ თქვა, რომ მიიღო "მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" და მოსახლეობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაიყვანდნენ. აქამდე, 5 დღით ადრე, სალდომ მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება რუსეთის მთავრობას სთხოვა.

28 ოქტომბერს ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაასრულეს, მათ შორის რეგიონალური ცენტრიდან, ქალაქი ხერსონიდან. ევაკუაცია სავალდებულო არ ყოფილა.

18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.

 

კომენტარები