რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

"პოლონეთის ან ბრიტანეთის პროვოკაციაა" – კრემლის პროპაგანდისტი სიმონიანი პოლონეთზე

კრემლის პროპაგანდისტი და პროპაგანდისტული მედიის, Russia Today-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი საკუთარ ტელეგრამ-არხზე პოლონეთში, სავარაუდოდ, რუსული რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, წერს, რომ ეს თავად პოლონეთის ან დიდი ბრიტანეთის პროვოკაცია იყო.

"1. იქ (პოლონეთში) განთავსებულია პატრიოტის [საჰაერო თავდაცვის] კომპლექსები. ისინი ან სრული *ცენზურა*, ან "ვისი რაკეტაც საჭიროა, მიფრინავდა" არის. 

2. სანამ რამეში დაადანაშაულებთ ქვეყანას, რომელსაც პოლონეთის ბირთვულ ფერფლად ქცევა შეუძლია, გაისარჯეთ და მტკიცებულებები წარმოადგინეთ.

3. უფრო დიდი ალბათობით, თუ პოლონეთში რამე ჩამოვარდა, ეს უკრაინული С-300 ან რამე უპილოტო საფრენი აპარატი "რეისი" იქნება.

4. ალბათობა, რომ თანამედროვე რუსული რაკეტა კურსს ასე დასცილდება, ისეთივეა, ქუჩაში ცოცხალ დინოზავრს რომ შეხვდე.

5. არგუმენტების შეჯამებით, დიდი ალბათობით, ეს ან უკრაინული შეცდომაა, ან პოლონური პროვოკაცია, ან ბრიტანული". – წერს სიმონიანი.

16 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. რუსულ რაკეტებზე ინფორმაციას პოლონეთის მთავრობა ჯერჯერობით არ ადასტურებს.

შემთხვევასთან რუსული რაკეტების კავშირს უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის მტკიცებითაც ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა" და მათ პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე იერიშები არ მიუტანიათ.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდეც დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

კომენტარები