საქართველო-ევროკავშირი

ჰერჩინსკი 12 პუნქტზე: მთავრობა ღია უნდა იყოს, ოპოზიციამ მასთან კონსტრუქციულად უნდა იმუშაოს

European Union in Georgia

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საჭიროა მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ. ელჩი ამბობს, რომ პროცესი ინკლუზიურად უნდა წარიმართოს, ეს კი ერთობლივ მუშაობას მოითხოვს.

"ჩვენი აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ და პროცესი იყოს ინკლუზიური, ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს. 12 რეკომენდაციაზე მუშაობა შეფასდება მომავალ წელს გაფართოებული პროცესის ფარგლებში. საქართველო შეფასდება დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაერთიანებისკენ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამის შედეგი იქნება საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და იმედი მაქვს, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე და მათ მიერ 12 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე. 12 რეკომენდაციის განხორციელება უნდა მოხდეს ინკლუზიურად. ეს მოითხოვს ყველას ერთობლივ მუშაობას, ეს მოითხოვს იმას, რომ მთავრობა ღია იყოს ოპოზიციისთვის და მოითხოვს, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით". – თქვა ჰერჩინსკიმ Interpressnews-ის ცნობით.

2022 წლის ზაფხულში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს 2023 წლიდან წარადგენს. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად შეასრულოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

კომენტარები