სამხედრო დანაშაულები

რუსმა დაქირავებულმა მებრძოლებმა მალიში სექსუალურად იძალადეს

ვაგნერის ჯგუფის დაქირავებული მებრძოლები

Daily Beast-ის ცნობით, რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლებმა მალიში თავდასხმის შემდეგ 12-მდე ქალზე სექსუალურად იძალადეს, რასაც მობილური ტელეფონით იღებდნენ. მსხვერპლთა შორის ერთ-ერთი 15 წლამდე ასაკის გოგოა.

თავდასხმა სოფელ ნია ოუროზე 4 სექტემბერს, 8 საათზე დაიწყო. რუსი დაქირავებული მებრძოლები ადგილობრივებს ღალატისა და ტერორისტული დაჯგუფებისთვის ხელშეწყობისთვის ადანაშაულებდნენ. მამაკაცების დაპატიმრების შემდეგ დაჯგუფების წევრებმა ქალებზე იძალადეს.

"ქალების თქმით, თეთრკანიანმა ჯარისკაცებმა ისინი გააუპატიურეს. შემდეგ ტელეფონები ამოიღეს და მათ შიშველ სხეულებს ვიდეოს უღებდნენ. ისე ეპყრობოდნენ, თითქოს ცხოველები ყოფილიყვნენ. ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, რომ ორმა თეთრმა ჯარისკაცმა იგი თავისივე საძინებელშივე გააუპატიურა. დანარჩენები უყურებდნენ. უკვე კვირებია ჩემი ბიძაშვილი გამუდმებით ტირის, ტრავმირებულია. ვლოცულობ, რომ ოდესმე ამ ტკივილისგან განკურნება შეძლოს". – თქვა Daily Beast-თან ინტერვიუში ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

მალის მთავრობის წარმომადგენლები დარღვევებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. 

ვაგნერის მებრძოლები მალიში დამხმარე ძალის ფუნქციას ასრულებენ, თუმცა მათი მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევა არაერთხელ გამოვლინდა. დაჯგუფების მოვალეობა ზედამხედველობით შემოიფარგლება და არ მოიცავს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას.

ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინაში მიმდინარე ომშიც. პირველად პრიგოჟინმა ვაგნერის ჯგუფთან კავშირი 2022 წლის სექტემბერში აღიარა. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს უწოდებენ. რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომში ვაგნერის ჯგუფს აქტიურად იყენებს - ვაგნერის დანაყოფის ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მალიდან უკრაინაში გადაისროლეს. 

ვაგნერის ჯგუფი რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ყველაზე ცნობილია. ჯგუფს ბრალი ედება ომის დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

კომენტარები